დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტური. დღეს დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა და ერთი შვიდგოლიანი თამაშიც გამოერია. ისე საინტერესოა, რომ ტურის ხუთივე მატჩი დაძაბული გამოდგა. ერთი ფრედ დამთავრდა, ოთხში კი მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა...
შვიდგოლიანი მატჩი თბილისის ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში. თან თითქმის ყველა გოლი ლამაზი გამოდგა.
გაგრა 0:2-ს აგებდა წყალტუბოს სამგურალთან, მერე 3:2-ს იგებდა და საბოლოოდ 3:4 წააგო.
ანგარიში სამგურალის შემტევმა ნიკა ხორხელმა გახსნა. მანვე მალე დუბლი შეასრულა, ხოლო გაგრადან გიორგი ლომთაძემ შეამცირა სხვაობა. პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა...
მე-60 წუთზე გაგრას ფორვარდმა ზურაბ მუსელიანმა მაკრატელათი გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 79-ე წუთზე ლომთაძემ სულაც წინ გაიყვანა მასპინძლები...
და დარჩენილ დროში წყალტუბოელებმა გარდატეხა შეიტანეს. შეცვლაზე შესულმა სერგო კუხიანიძემ შორიდან გამოზომილი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მერე პენალტი დაინიშნა სამგურალის სასარგებლოდ და გიორგი ნიქაბაძემ ტექნიკურად შეასრულა - 3:4. პენალტიც კი ლამაზი გამოვიდა...
რუსთავში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. მომენტები ორივეს ჰქონდა, მაგრამ ვერც საბურთალომ გაიტანა და ვერც ტორპედომ - 0:0.
საბურთალოს მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ომარ თეთრაძეს. ტორპედოში ითამაშა ნიკა კაჭარავამ, რომელიც თითქმის რვაწლიანი შესვენების მერე დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს.
მატჩზე მოქმედებდა ვიდეორეფერის სისტემა (VAR).
აჭარული დერბი ბათუმელებმა მოიგეს - 2:1. პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი ბიძინაშვილმა დააწინაურა დინამო ბათუმი.
61-ე წუთზე შუქურამ პენალტი გაიტანა, კერძოდ, ეს ცოტნე ფაცაციამ მოახერხა.
გადამწყვეტი გოლი კი ბათუმელებმა ასევე პენალტით მიითვალეს: ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა.