დინამო ბათუმმა სამგურალთან წააგო, დილამ ლოკომოტივს სძლია

News

დინამო ბათუმმა სამგურალთან წააგო, დილამ ლოკომოტივს სძლია

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური. დინამო ბათუმმა შინ 1:2 წააგო წყალტუბოს სამგურალთან და საჩემპიონო შანსი შეუმცირდა, ხოლო გორის დილამ 1:0 მოუგო ლოკომოტივს.

დინამო ბთ 1:2 სამგურალი

სავსე ტრიბუნები, მშვენიერი ატმოსფერო... ბათუმელებს რომ მოეგოთ, პირველ ადგილზე გადავიდოდნენ, მაგრამ სამგურალთან წააგეს და ახლა 3 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ დინამო თბილისს. სამგურალი მესამეზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.

პირველ ტაიმში ანგარიში თავური დარტყმით გახსნა სტუმართა მცველმა ომარ პატარკაციშვილმა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი ნიქაბაძემ დაასრულა კონტრშტევა გოლით - 0:2. ნიქაბაძე შარშან და შარშანწინ დინამო ბათუმში თამაშობდა...

წყალტუბოელთა ორივე გოლი ჯეფერსონ ჯერალდოს პასით გავიდა. ბრაზილიელს 12 საგოლე პასი აქვს და მიმდინარე ლიგაში ლიდერია ამ მაჩვენებლით.

ბათუმელებმა 84-ე წუთზე შეამცირეს სხვაობა, კერძოდ, გიორგი ზარიამ გაიტანა შორიდან მოულოდნელი დარტყმით. ზარიას სადებიუტო გოლია ამ სეზონში. საბოლოოდ 1:2.

მატჩის დროს მოქმედებდა VAR-ის სისტემა: ვიდეო მსაჯი იყო ირაკლი კვირიკაშვილი, მისი ასისტენტი კი დავით ახვლედიანი.

დილა 1:0 ლოკომოტივი 

დილამ ბრაზილიელი ალეფ სანტოსის ლამაზი გოლით სძლია აუტსაიდერ ლოკომოტივს.

დილამ ზედიზედ მესამედ მოიგო, მაგრამ მეოთხე ადგილზე დარჩა: ერთი ქულით ჩამორჩება სამგურალს. გორელები მესამეზე გასასვლელად იბრძვიან.