დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური. დღეს სამი მატჩი გაიმართა, ლიდერმა აუტსაიდერს მოუგო, იმერული დერბი ფრედ დასრულდა, ხოლო დილამ საბურთალოს სძლია...
დინამო თბილისმა საგურამოში მოუგო მასპინძელ ლოკომოტივს და ისევ ლიდერია 2-ქულიანი ჰანდიკაპით.
მე-6 წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა შორიდან დარტყმით გახსნა ანგარიში. 79-ეზე კი ლაშა ოდიშარიამ ასევე შორიდან თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში... ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა.
საინტერესოა, რომ დინამო თბილისმა ჩემპიონატში ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო.
წყალტუბოში სამგურალმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და 2:2 ითამაშა.
ტორპედო ლაშა შერგელაშვილის მშვენიერი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა: დაახლოებით 27-30 მეტრიდან ზედა კუთხეში.
პირველი ტაიმის ბოლოს სამგურალის ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ ახლოდან დარტყმით გაათანაბრა. მეორე ნახევარში ისევ ნიქაბაძე გაერკვა კარგად სიტუაციაში და ძლიერი დარტყმით დააწინაურა წყალტუბოელები - 2:1. ნიქაბაძეს მიმდინარე ჩემპიონატში 15 მატჩში 1 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ერთბაშად დუბლი მიითვალა.
ტორპედომ ბოლო წუთებზე პენალტით გაათანაბრა. თორნიკე ახვლედიანი საჯარიმოში წაიქცა და VAR-ზე გადამოწმებისას გამოჩნდა, რომ სამგურალის მცველის ლევან ქურდაძის ფეხი მოხვდა. პენალტი მათე ცინცაძემ შეასრულა და 2:2.
დიახ, იმერულ დერბიში VAR-ი მოქმედებდა. ვიდეო მსაჯი ალეკო აფციაური გახლდათ, ხოლო ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გიორგი ელიკაშვილი.
სამგურალი მესამე ადგილზეა, ხოლო ტორპედო - მეხუთეზე.
საბურთალომ 0:2 წააგო დილასთან. მე-17 წუთისთვის უკვე ეს ანგარიში იყო... ჯერ ბარბადოსელმა ტიერი გეილმა გაიტანა ახლო მანძილიდან. კონკრეტულად ჩემპიონატში ეს გეილის პირველი გოლია. აქამდე დუბლი ჰქონდა შესრულებული საქართველოს თასზე.
მეორე გოლი კი თორნიკე ძოწენიძემ გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს ძოწენიძის მეორე გოლია მიმდინარე სეზონში, ის პირველიც საბურთალოსთან მიითვალა და ის თამაშიც 0:2 დასრულდა.
დილა მეოთხე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ სამგურალს. საბურთალო კი მეექვსე პოზიციაზეა და ევროტურნირებზე გასვლის მცირე შანსიც აღარ დარჩა.