გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. გორის დილამ ბოლნისში მოუგო სიონს, ხოლო გაგრა-სამგურალი ფრედ დასრულდა. შორიდან გატანილი ლამაზი გოლები ვნახეთ...
დილამ ორი მარცხის მერე მოგების გემო გაიხსენა: სტუმრად სიონს 2:1 სძლია. პირველ ტაიმში გორელები ცოტნე მოსიაშვილმა დააწინაურა შორიდან გატანილი ლამაზი გოლით... ეს მოსიაშვილის პირველი გოლია მიმდინარე ლიგაში.
სიონმა ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრა, კერძოდ, ივან ფოცხვერიამ პენალტი გამოიყენა.
გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე სენეგალელმა ონორე გომისმა გაიტანა თავურით - 1:2.
დილა მეოთხე ადგილზეა, ხოლო სიონი - მერვეზე. ბოლნისელებს 9 ტურია არ მოუგიათ, ბოლოს სწორედ დილას სძლიეს სტუმრად (2:1).
თბილისის დინამო არენაზე გაგრა სამგურალს შეხვდა და ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
გაგრა 71-ე წუთზე ოთარ ფარულავამ დააწინაურა შორეული დარტყმით. 85-ეზე კი წყალტუბოელთა ბრაზილიელმა შემტევმა ჯეფერსონ ჯერალდომ პენალტით გაათანაბრა. ეს ჯერალდოს მეშვიდე გოლია სეზონში და აქედან 3 გაგრას გაუტანა. პენალტის ეპიზოდში გაგრელთა ფეხბურთელი გიორგი გვიშიანიც გააძევეს ხელით თამაშისთვის...
გაგრა ბოლოსწინა ადგილზე დარჩა, ხოლო სამგურალი მესამე პოზიციაზეა.