32-ე ტური: ორივე დინამომ მოიგო, ტორპედომ თელავს აჯობა

News

32-ე ტური: ორივე დინამომ მოიგო, ტორპედომ თელავს აჯობა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის სამი მატჩი. ორივე დინამომ მოიგო და საჩემპიონო რბოლაში ისევ ორქულიანი სხვაობაა: თბილისელები ბათუმელებს უსწრებენ.  იმარჯვა ტორპედომაც, რომელმაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

დინამო თბ 3:1 საბურთალო 

დინამო თბილისი საბურთალოსთან დერბიში აგებდა, მაგრამ 3:1 გაიმარჯვა და ლიდერად დარჩა.

პირველი ტაიმის შუაში გავიდა ორი გოლი. ჯერ ირაკლი სიხარულიძემ თავურით დააწინაურა საბურთალო და თავისთვის სეზონში მე-12 გოლი მიითვალა; მალევე უსმანე კამარამ გაათანაბრა ლამაზი კომბინაციის შემდეგ - 1:1.

მეორე ტაიმის პირველ წუთებზე კამარამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით წინ გაიყვანა დინამოელები... 57-ე წუთზე კი გიორგი მოისწრაფიშვილმა კარგად დაამუშავა ბურთი, წინ გამოსულ მეკარეს დაასწრო და 3:1 გახადა ანგარიში.

მოისწრაფიშვილის გოლამდე ერთი წუთით ადრე საბურთალო 10 კაცით დარჩა, რადგან გურამ გოშთელიანმა რამდენიმეწამიან მონაკვეთში ორი გაფრთხილება მიიღო და გააძევეს: ჯერ არბიტრის ასისტენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა, მერე კი მთავარი არბიტრის.

საბურთალო მეექვსე ადგილზეა. შეგახსენებთ, დინამო თბილისი და საბურთალოც საქართველოს თასის ნახევარფინალში არიან გასულები. ანუ თემურ შალამბერიძის გუნდს თასის გზიდანაც შეუძლია ევროტურნირებზე გასვლა. 

და კიდევ, ამ მატჩზე მოქმედებდა VAR-ის სისტემა. ვიდეო მსაჯი გახლდათ ირაკლი კვირიკაშვილი, ხოლო ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე.

დინამო ბთ 4:2 ლოკომოტივი 

დინამო ბათუმმა ექვსგოლიან შეხვედრაში სძლია აუტსაიდერ ლოკომოტივს - 4:2. ბათუმელები მეორე ადგილზე არიან და ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ დინამო თბილისს.

პირველი ბურთი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა გამოზომილი დარტყმით. ეს ფლამარიონის მე-17 გოლია მიმდინარე ლიგაში და ჯერჯერობით ბომბარდირთა დავაში პირველია. 4 გოლით უსწრებს სამგურალის შემტევ ირაკლი რუხაძეს. პირველივე ტაიმში ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი გამოიყენა და 2:0...

მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე ლოკომოტივმა სხვაობა შეამცირა, კერძოდ, კახა კახაბრიშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.

65-ე წუთზე ბათუმელთა საყრდენმა ბენჟამინ ტეიდმა თავურით ისევ ორბურთიანი გახადა სხვაობა. შემდეგ ლოკოს მცველ გიორგი პირტახიას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი და 4:1... და ბოლო წუთებზე თბილისელთა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ გაიტანა - 4:2. ეს დიასამიძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.

ტორპედო 1:0 თელავი 

ქუთაისელებმა ზესტაფონის სტადიონზე 1:0 მოუგეს თელავს და მეოთხე ადგილზე არიან. პლუს, ტორპედო თასის ნახევარფინალშიცაა. სათასო წყვილებსაც შეგახსენებთ: 2 ნოემბერს ტორპედო დინამო თბილისს უმასპინძლებს, ხოლო ლოკომოტივი-2 საბურთალოს ეთამაშება.

ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა: ირაკლი ბუღრიძის აქტიურობას მოჰყვა თელაველთა საყრდენის, სტრაჰინია პავიშიჩის ავტოგოლი. თელაველები მეშვიდე ადგილზე რჩებიან.