გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ორი მატჩი. ერთი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი თრილერი ვიხილეთ: დინამო თბილისმა სასწაულებრივად მოიგო გორში და ისევ ლიდერია.
გორის დილა ორჯერ უგებდა დინამო თბილისს. 92-ე წუთამდე ამარცხებდა და დარჩენილ დროში... დინამოელებმა ორი გოლი გაიტანეს - 2:3.
დილა ონორე გომისის გოლით დაწინაურდა. 43-ე წუთზე თბილისელთა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოულოდნელად სამმაგი შეცვლა გააკეთა. და მალევე, ტაიმის დამატებულ წუთებზე ანგარიში გათანაბრდა: უსმანე კამარამ პენალტი გამოიყენა. კამარა ადრე სწორედ დილაში თამაშობდა.
75-ე წუთზე დილა მეორედ დაწინაურდა: ონორე გომისის დარტყმული ბურთი სტუმართა მცველ დავით კობოურს მოხვდა და 2:1.
89-ე წუთზე გორელებმა პენალტი ვერ გაიტანეს: ვანდერსონ სილვამ ძელს მოარტყა ბურთი...
და ამის შემდეგ მოხდა, რაც მოხდა: მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო ორ წუთში თორნიკე კირკიტაძის გარღვევასა და პასს მოჰყვა ულად-ომარ იმრანის გოლი - 2:3. საინტერესოა, რომ მოისწრაფიშვილიც და იმრანიც სწორედ 43-ე წუთზე შეიყვანა ჭიაბრიშვილმა.
დინამო თბილისი ლიდერია, დილა კი მეოთხე ადგილზე დარჩა.
აუტსაიდერმა ლოკომოტივმა საგურამოში 0:0 ითამაშა ტორპედოსთან, რომელიც მეხუთე ადგილზეა.
ტორპედოს მშვენიერი სერია ჰქონდა, რის შემდეგ მესამე ადგილამდეც კი მიაღწია, თუმცა ბოლო 4 ტურია არ მოუგია და ახლა მეხუთეზეა. ლოკომ კი მერვე ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.
ტურში კიდევ ორი მატჩია გასამართი