გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი მატჩი. საბურთალომ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა დინამო ბათუმს და ორჯერ იგებდა... თუმცა საბოლოოდ ბათუმელებმა გაიმარჯვეს.
საბურთალოს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. თბილისელები ორჯერ უგებდნენ დინამო ბათუმს და საბოლოოდ 2:4 წააგეს.
საბურთალო იური ტაბატაძემ დააწინაურა კონტრშეტევის შემდეგ. ეს ტაბატაძის მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში. მე-11 წუთზე გიორგი ფანცულაიამ ახლოდან დარტყმით გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში გურამ გოშთელიანმა ისევ წინ გაიყვანა საბურთალოელები, თუმცა მალევე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და მეორედ გაათანაბრა ანგარიში. ფანცულაიას სეზონში 5 გოლი მოუგროვდა და ხუთივე ბოლო ორ თვეში გაიტანა.
64-ე წუთზე ბათუმელები პირველად გავიდნენ წინ: ვლადიმერ მამუჩაშვილის პენალტით. ბოლოს კი კონტრშეტევაზე ირაკლი ბიძინაშვილის პასს მათე ვაწაძის გატანილი მოჰყვა და 2:4. ამ დროს საბურთალო უკვე 10 კაცით იყო, რადგან ოთარ მამაგეიშვილმა მეორე გაფრთხილება მიიღო და გააძევეს.
დინამო ბათუმმა ლიდერობა დაიბრუნა: ერთი ქულით უსწრებს დინამო თბილისს, რომელსაც ამ ტურში სათამშო აქვს გორში დილასთან. საბურთალო კი მეექვსე ადგილზე დარჩა.