30-ე ტური: ორივე დინამომ მოიგო, ტორპედო-საბურთალო ფრედ დასრულდა

News

30-ე ტური: ორივე დინამომ მოიგო, ტორპედო-საბურთალო ფრედ დასრულდა

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური. სამი მატჩი გაიმართა. ორივე დინამომ მოიგო და საჩემპიონო რბოლაში არაფერი შეცვლილა. ტორპედო-საბურთალო კი ფრედ დასრულდა.

სიონი 0:2 დინამო თბილისი 

ბოლნისის სიონმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 0:2 წააგო. სიონი 36-ე წუთზე ათი კაცით დარჩა, რადგან ივა გელაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. იმ დროს ჯერ 0:0 იყო. მეორე ტაიმში ჯერ დინამოელთა კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გახსნა ანგარიში, მერე კი გიორგი გაბედავამ მეორე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივეს 6-6 გოლი მოუგროვდა ამ სეზონში.

დინამოელთა 17 წლის საყრდენი გაბრიელ სიგუა პირველად მოხვდა დინამოს სასტარტოში და სხირტლაძეს სწორედ მან გაუკეთა კარგი საგოლე პასი.

დინამო თბილისი ისევ ორქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. სიონი კი მერვე ადგილზე დარჩა.

ტორპედო 1:1 საბურთალო

ზესტაფონში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. ტორპედო მეხუთეზე დარჩა ცხრილში, საბურთალო კი - მეექვსეზე. მათ შორის სხვაობა ერთი ქულაა.

ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გავიდა: ჯერ ქუთაისელთა მცველმა ნიკა სანდოხაძემ გაიტანა თავურით, მერე კი საბურთალოს შემტევმა იური ტაბატაძემ შორიდან ცხრიანში მოათავსა ბურთი. სანდოხაძისთვის ეს პირველი გოლია სეზონში, ტაბატაძისთვის კი - მეექვსე.

და კიდევ, ტორპედოს მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადაეცა. 

დინამო ბათუმი 3:2 დილა 

დინამო ბათუმმა 3:2 მოუგო დილას. ბათუმელთა სამივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო 12 წუთში გავიდა. კაპიტანმა მამუკა კობახიძემ თავურით დააწინაურა მასპინძლები, შემდეგ მილან რადინმა ორამდე გაზარდა სხვაობა და მესამე უკვე ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

ბრაზილიელს 15 გოლი მოუგროვდა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და 4-4 ბურთით უსწრებს ირაკლი სიხარულიძესა და ირაკლი რუხაძეს.

მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე მასპინძლები ათი კაცით დარჩნენ, რადგან ჯამბულ ჯიღაური გააძევეს (VAR-ზე გადამოწმებით).

დილამ მე-80 წუთზე შეამცირა სხვაობა თორნიკე კაპანაძის გოლით. და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ისევ კაპანაძემ მოახერხა გატანა... თასსაც თუ ჩავთვლით, თორნიკემ ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა.

ბათუმელები მეორე ადგილზე არიან, ხოლო დილა მეოთხეზეა.