VAR-ი ამოქმედდა; დინამო თბილისი უკვე ლიდერია; დილა მესამე ადგილზე დაბრუნდა

News

VAR-ი ამოქმედდა; დინამო თბილისი უკვე ლიდერია; დილა მესამე ადგილზე დაბრუნდა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ორი მატჩი. ლიდერი უახლოეს მდევარს შეხვდა, მესამეადგილოსანი კი მეოთხეადგილოსანს. ორივე თამაში მასპინძლებმა მოიგეს... და ლიდერიც შეიცვალა.

დინამო თბილისი 1:0 დინამო ბათუმი 

დინამო თბილისმა შინ დავით სხირტლაძის თავურით მოიგო დინამო ბათუმს. საგოლე პასი ნიკოლო მალიმ გააკეთა. 79-ე წუთიდან თბილისელები 10 კაცით იყვნენ, რადგან ოსეი ბარნსი გააძევეს.

სხირტლაძეს რაც შეეხება, მისი მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში: ბათუმელებს წინა წრეშიც გაუტანა, როცა 1:4 წააგეს.

დინამო თბილისი უკვე ლიდერია, 2 ქულით გაუსწრო ბათუმელებს. არადა, ზაფხულის შესვენებისას ზღვისპირელები 9-ქულიანი ჰანდიკაპით იყვნენ პირველ ადგილზე.

პირველად მოხდა, რომ ეროვნული ლიგის მატჩში VAR-ის სისტემა გამოიყენეს. დინამო არენაზე ამოქმედდა და არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა სწორედ VAR-ის მეშვეობით გააძევა ბარნსი. მანამდე ყვითელი ბარათი უჩვენა და წითლით შეუცვალა.

დილა 2:1 ტორპედო 

გორის დილა მესამე ადგილზე დაბრუნდა: 2:1 მოუგო ქუთაისის ტორპედოს, რომელსაც 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. ტორპედო მეოთხეზე გადავიდა.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. დილას ფორვარდმა თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა ყოფილ გუნდთან... და მიმდინარე სეზონში 6 გოლი მოუგროვდა. ტორპედოდან კი სხვაობა გიორგი არაბიძემ შეამცირა. არაბიძის მეოთხე გოლია წლევანდელ ჩემპიონატში.

25-ე წუთზე დილა 10კაცით დარჩა, კერძოდ, მეკარე დანილო კანევცევი გააძევეს. თუმცა გორელებმა გამარჯვებამდე მიიყვანეს საქმე.