26-ე ტური: დინამოებმა მოიგეს, საბურთალომ ნავსი გატეხა, ტორპედო უკვე მე-4 ადგილზეა

News

26-ე ტური: დინამოებმა მოიგეს, საბურთალომ ნავსი გატეხა, ტორპედო უკვე მე-4 ადგილზეა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური დასრულდა. ოთხი მატჩი გაიმართა და ცხრილში უფრო ზემოთ მყოფმა გუნდებმა მოიგეს. საჩემპიონო რბოლაშიც არაფერი შეცვლილა, ბათუმისა და თბილისის დინამოებს შორის სხვაობა 4 ქულა დარჩა.

სიონი 0:3 ტორპედო 

ბოლნისის სიონმა შინ 0:3 წააგო ქუთაისის ტორპედოსთან, რომელსაც ძალიან კარგი სერია აქვს: ქუთაისელებმა ბოლო 7 თამაშში 6 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. გუნდი უკვე მეოთხე ადგილზეა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და სამივე შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს. ჯერ ირაკლი ბუღრიძემ დაასრულა კარგი კონტრშეტევა. შემდეგ პარაგვაელმა მაურო კაბალიერომ ზუსტად დაარტყა ცხრიანში, ხოლო ბოლოს ვაჟა ტაბატაძემ გაიტანა შორიდან. გიორგი არაბიძემ ორჯერ გააკეთა საგოლე პასი. 

კაბალიეროსთვის ეს პირველი გოლი საქართველოში. ტაბატაძემაც ამ სეზონში პირველად მოახერხა გატანა.

სიონს რაც შეეხება, გუნდი მერვე ადგილზე დარჩა.

დინამო თბ 3:0 სამგურალი 

დინამო თბილისმა ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა. ამჯერად შინ 3:0 წყალტუბოს სამგურალთან, რომელთანაც დინამოელებს ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან ერთხელაც არ ჰქონდათ მოგებული (3 ფრე, 3 წაგება). და აი, მეშვიდე ცდაზე მოახერხეს თბილისელებმა წყალტუბოელთა ძლევა.

სწრაფი გოლები გავიდა: მე-6 წუთზე ოსეი ბარნსმა შორიდან დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა, რასაც ერთ წუთში თორნიკე კირკიტაძის გატანილი მოჰყვა. მესამე ბურთი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტანისლავ ბილენკიმ ჩაიწერა - კარგი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ.

ცხრილში სიტუაცია: დინამო თბილისი მეორე ადგილზეა და ისევ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ დინამო ბათუმს, ხოლო სამგურალი მესამე საფეხურზეა.

დინამოელებმა ეს მატჩი ლეგენდარული კაპიტნის, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ღოღობერიძე დინამოელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პერიოდში. ახლანდელი დინამოს კაპიტანმა დავით სხირტლაძემ ბასა ღოღობერიძის შვილს თენგიზს გუნდის 100-ნომრიანი მაისური გადასცა.

გარდა ამისა, ორივე გუნდის ფეხბურთელები მატჩზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მხარდასაჭერი მაისურებით გამოვიდნენ. ჭიაბრიშვილს გულის ოპერაცია გაუკეთეს. ასევე, მხარდაჭერა გამოუცხადეს დინამოელთა მეკარე დავით კერესელიძეს, რომელმაც ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება.  

საბურთალო 5:1 ლოკომოტივი 

საბურთალომ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აუტსაიდერ ლოკომოტივთან დაასრულა - 5:1. საბურთალო მეექვსე ადგილზეა.

თავიდან ლოკომოტივი იგებდა ბიძინა მახარობლიძის გოლით. შეგახსენებთ, მახარობლიძემ წინა შეხვედრაში დუბლი შეასრულა დილასთან...  

აქედან მოყოლებული კი საბურთალომ დაიწყო და 5 უპასუხო ბურთი გაიტანა. გურამ გოშთელიანმა დუბლი მიითვალა და პლუს 3 საგოლე პასიც დაამატა. თითო-თითო გოლი კი შოთა ნონიკაშვილმა, ლევან ნონიკაშვილმა და იური ტაბატაძემ ჩაიწერეს.

გოშთელიანზე ასევე დავწეროთ, რომ წლეულს თელავის მაისურითაც გაუტანა ლოკომოტივს.

დინამო ბთ 2:0 გაგრა 

ლიდერმა დინამო ბათუმმა შინ 2:0 სძლია გაგრას, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა.

გიორგი ფანცულაიამ 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ბოლო 4 შეხვედრაში ფანცულაიამ მესამე გოლი გაიტანა. ხოლო ტაიმის ბოლოს ჯოვინო ფლამარიონმა ეფექტური დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

სხვათა შორის, ფლამარიონმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29 ივნისის შემდეგ პირველად გაიტანა. ეს მისი მე-15 გოლია და ბომბარდირთა შორის ლიდერობს.