25-ე ტური: დინამო თბილისმა კვლავ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

News

25-ე ტური: დინამო თბილისმა კვლავ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის სამი მატჩი. დინამო თბილისმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო, ხოლო დანარჩენი ორი მატჩი ფრედ დასრულდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი გოლებიც ვნახეთ...

ლოკომოტივი 2:2 დილა 

ლოკომოტივმა საგურამოში გორის დილას უმასპინძლა და პირველი ტაიმის მერე 0:2-ს აგებდა, მაგრამ 2:2 დაასრულა. აუტსაიდერ ლოკოს 5 ქულა აქვს. გორელები კი მეოთხე ადგილზე არიან: კარგი შანსი დაკარგეს, რათა სამგურალისთვის გაესწროთ და მესამეზე გადასულიყვნენ.

დილადან გოლები თორნიკე კაპანაძემ და ონორე გომისმა გაიტანეს, ლოკომოტივიდან კი ორივე ბურთი ბიძინა მახარობლიძემ მიითვალა. საინტერესოა, რომ მახარობლიძეს წლეულს ამ ტურამდე ერთი გოლი ჰქონდა გატანილი და ისიც ლოკომოტივის კარში: როცა თელავში თამაშობდა.

საბურთალო 1:1 სიონი 

ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. 91-ეზე გიორგი ჯგერენაიამ თავურით დააწინაურა საბურთალო, ხოლო სამ წუთში კოტდივუარელმა აბდულაზიზ დუმბიამ შორიდან დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

საინტერესოა, რომ ჯგერენაიასთვისაც და დუმბიასთვისაც ეს სადებიუტო გოლები იყო მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. დუმბია ამ გატანილის მერე გააძევეს: მსაჯმა მაისურის გახდისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა...

საბურთალოს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მეექვსე ადგილზეა. ისე კი, ზედიზედ 4 წაგების მერე აიღო ქულა.... რაც შეეხება სიონს, გუნდი მერვე საფეხურზეა.

თელავი 1:2 დინამო თბ 

თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 1:2 წააგო. თელაველები მეშვიდე ადგილზე დარჩნენ, თუმცა 6 ტურია, არ გაუმარჯვიათ. აი, დინამოელებმა კი ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგეს და 4 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ დინამო ბათუმს, რომელსაც ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს.

დინამო თელავში სწრაფი გოლით დაწინაურდა: ულად-ომარ იმრანმა კარგი კონტრშტევა დაასრულა. 4 მატჩი დინამოში, 4 გოლი - ასეთია იმრანის სტატისტიკა.

პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ბექა ქავთარაძის გოლით გაათანაბრეს, ხოლო გამარჯვების გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა 70-ე წუთზე. სხვათა შორის, იმრანმა და კირკიტაძემ ერთმანეთს გაუწიეს ასისტენტობა.