ორივე დინამოს მოგება, იმერული დერბის დრამა, ბოლნისური ფრე

News

ორივე დინამოს მოგება, იმერული დერბის დრამა, ბოლნისური ფრე

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ოთხი მატჩი. ჯამში 14 გოლი გავიდა, სამ შეხვედრაში მასპინძლებმა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. ლიდერმაც და მეორეადგილოსანმაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს.

დინამო ბთ 4:0 თელავი 

მოქმედმა ჩემპიონმა 4:0 მოუგო თელავს და ისევ შვიდქულიანი ფორით ლიდერობს. პირველ ტაიმში მათე ვაწაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი ჯერ ირაკლი ბიძინაშვილმა გაზარდა სხვაობა კარგი კომბინაციის შემდეგ; მალევე ჯაბა ჯიღაურმა 3:0 გახადა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ფანცულაიამ დაასრულა კარგი შეტევა.

თელაველები მეშვიდე ადგილზე არიან. გუნდს ზედიზედ ოთხი ფრე ჰქონდა და ამჯერად დიდი ანგარიშით წააგო.

დინამო თბ 5:0 ლოკომოტივი

თბილისურ დერბიში დინამომ 5:0 მოუგო აუტსაიდერ ლოკომოტივს. დინამოელები მეორე ადგილზე არიან და 7 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. ლოკოსთვის კი ეს 22-ე წაგებაა 24 ტურში.

პირველ ტაიმში უკვე 4:0 იყო. ჯერ ყოფილმა ლოკომოტიველმა ულად-ომარ იმრანმა შეასრულა დუბლი, მერე კი - სტანისლავ ბილენკიმაც იგივე გაიმეორა. მეორე ნახევარში კი გიორგი გაბედავას გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ ეს გაბედავას მე-100 გოლი გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში. იგულისხმება მთავარ ლიგაში გატანილები. https://erovnuliliga.ge/ge/news/6701-gabedava-100-goliania

სიონი 0:0 გაგრა 

სიონმა ბოლნისში 0:0 ითამაშა უშუალო კონკურენტ გაგრასთან. სიონი მერვეზეა, გაგრა - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა ერთი ქულაა. სხვათა შორის, წინა ორ წრეში ორივეჯერ ბოლნისელებმა მოიგეს ერთნაირი ანგარიშით: 2:1, 2:1.

სხვათა შორის, ეს გაგრელთა პირველი უგოლო ფრეა ამ სეზონში.

ტორპედო 3:2 სამგურალი 

ქუთაისის ტორპედომ ზესტაფონში, დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. არადა, მატჩის უმეტეს ნაწილში სამგურალი იგებდა.

წყალტუბოელები გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი რუხაძემ დააწინაურა. მას 8 გოლი მოუგროვდა სეზონში. პირველი ტაიმის ბოლოს კი ტორპედომ გიული მანჯგალაძის გოლით გაათანაბრა. ეს მანჯგალაძის პირველი გოლი იყო წლეულს.

75-ე წუთზე სამგურალი ისევ წინ გავიდა. ომარ პატარკაციშვილის თავური და 1:2. პატარკაციშვილისთვის ეს მეორე გოლი იყო სეზონში და ორივე ტორპედოს კარში... თუმცა ამჯერად ეს გატანილი მომგებიანი ვერ გამოდგა.

90-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ახლოდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლევან მჭედლიძემ თავურით მოაგებინა ტორპედოს - 3:2. ორივე შემთხვევაში აკაკი შულაიას აქტიურობასა და პასს მოჰყვა გოლი.

ტორპედოს კარგი სერია აქვს: ბოლო 5 მატჩში 4 მოიგო და 15 გოლი გაიტანა... გუნდი მეხუთე ადგილზეა. სამგურალს კი ბოლო 4 მატჩია არ გაუმარჯვია, თუმცა მესამე პოზიციას ინარჩუნებს.