დაძაბული ტური: სამი მატჩი, სამი ფრე, სადებიუტო გოლები

News

დაძაბული ტური: სამი მატჩი, სამი ფრე, სადებიუტო გოლები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა და სამივე ფრედ დასრულდა. სერიების შეწყვეტაც ვნახეთ: ლიდერმა დინამო ბათუმმა 1:1 ითამაშა აუტსაიდერ ლოკომოტივთან.

ლოკომოტივი 1:1 დინამო ბთ 

საგურამოში აუტსაიდერისა და ლიდერის დაპირისპირება გაიმართა. ლოკომოტივი თორნიკე ძებნიაურის გატანილი პენალტით უგებდა დინამო ბათუმს და 86-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ თავურით გაათანაბრა.

სხვათა შორის, ძებნიაურმაც და ფანცულაიამაც მიმდინარე სეზონში სადებიუტო გოლები გაიტანეს.

ლოკომოტივისთვის ეს პირველი ფრეა: აქამდე 1 მოგება და 21 წაგება ჰქონდა. დინამო ბათუმი კი 7-ქულიანი ფორით ლიდერობს. ამ ტურამდე 9 ქულით უსწრებდა დინამო თბილისს.

სამგურალი 2:2 გაგრა 

წყალტუბოში სამგურალმა 2:2 ითამაშა გაგრასთან. მე-13 წუთისთვის სამგურალი 2:0-ს იგებდა... ჯეფერსონ ჯერალდომ და ილია ახვლედიანმა ერთმანეთის პასებით გაიტანეს.

მე-20 წუთზე გაგრას ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ თავურით შეამცირა სხვაობა, ხოლო 77-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა დაახლოებით ათი მეტრიდან დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. ეს გვიშიანის პირველი გოლია მიმდინარე ლიგაში.

ზაფხულის შესვენების მერე რაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა, სამგურალმა სამი მატჩიდან სამივე ფრედ დაასრულა. თუმცა გუნდი მესამე ადგილს ინარჩუნებს.

გაგრა კი ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

თელავი 1:1 ტორპედო 

თელავმა ტორპედოს უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. ეს თელავის მე-10 ფრეა მიმდინარე ჩემპიონატში. აქედან ზედიზედ მე-4.

ტორპედო სწრაფი გოლით დაწინაურდა: გიორგი ქიმაძემ ზუსტად დაარტყა დაბალ შორეულ კუთხეში.

მასპინძლებმა კი 55-ე წუთზე გაათანაბრეს. ბექა ქავთარაძე პასს აკეთებდა და ქუთაისელთა პორტუგალიელმა ახალწვუელმა პედრო მონტეირომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი - 1:1.

ტორპედომ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თელავი კი მეშვიდეზეა.