გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის დარჩენილი ორი მატჩი. სამგურალმა ლოკომოტივს მოუგო და მესამე ადგილზე დაბრუნდა, სიონი-თელავი კი უგოლოდ დასრულდა. 13 აგვისტომდე შესვენებაა...
წყალტუბოს სამგურალმა შინ 4:1 მოუგო თბილისის ლოკომოტივს. 37-ე წუთზე თბილისელები დაწინაურდნენ შოთა შეყილაძის გოლით. ეს შეყილაძის მეორე გოლია სეზონში და პირველიც სამგურალს გაუტანა.
დავით მაისაშვილმა პირველივე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმის შუაში, ექვსწუთიან მონაკვეთში ჯერ გიორგი ნიქაბაძემ წინ გაიყვანა სამგურალი, მერე კი ირაკლი რუხაძემ პენალტი გამოიყენა. ბოლოს შეცვლაზე შესულმა ანდრია დევდარიანმა 4:1 გახადა ანგარიში. დევდარიანისთვის ეს სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ნიქაბაძეზეც: ეს მისი პირველი გოლია სამგურალის მაისურით...
სამგურალი მესამე ადგილზე დაბრუნდა და ორი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან დინამო თბილისს. აუტსაიდერ ლოკომოტივს კი 20 ტურში 19 წაგება მოუგროვდა.
კიდევ: ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა თამაზ კოსტავამ სამგურალის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცა.
ბოლნისის სიონმა შინ 0:0 ითამაშა თელავთან. ბოლნისელები მერვე ადგილზე არიან, თელაველები - მეექვსეზე. მათ შორის სხვაობა 4 ქულაა.
ამ სეზონის წინა ორივე დაპირისპირებაში კახეთის გუნდმა გაიმარჯვა: 2:0, 2:0. ამჯერად კი გოლი არ გავიდა.