მე-18 ტური: დინამო თბილისმა, დილამ და სიონმა მოიგეს

News

მე-18 ტური: დინამო თბილისმა, დილამ და სიონმა მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის სამი მატჩი. სამივე მასპინძლებმა მოიგეს და გოლებიც საკმაოდ ვნახეთ. შეწყდა წყალტუბოს სამგურალის ათმატჩიანი წაუგებელი სერია, დინამო თბილისი კი მეორე ადგილზე დაბრუნდა. 

დილა 1:0 სამგურალი 

გორის დილამ 1:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა 37-ე წუთზე: ვაგნერ გონსალვესის ჩაწოდებულ კუთხურს მიაყოლა ერთი შეხებით  დარტყმა.

დილას 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო სამგურალის წაუგებელი სერია შეწყდა. წყალტუბოელებს ზედიზედ 10 თამაშში არ ჰქონდათ მარცხი.

ახლა სამგურალსაც და დილასაც 33-33 ქულა აქვთ. გიორგი მიქაძის გუნდი მესამე ადგილზეა, ანდრი დემჩენკოს დილა - მეოთხეზე.

დინამო თბილისი 5:0 გაგრა

წარმატებული გამოდგა გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში. დინამოელებმა 5:0 მოუგეს გაგრას და მეორე ადგილზე დაბრუნდნენ. გაგრას რაც შეეხება, ბოლოდან მეორეზეა.

ხუთივე გოლი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა: უსმანე კამარამ პირველ ტაიმში, შესვენების მერე კი გიორგი მოისწრაფიშვილმა, ოსეი ბარნსმა, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ. ეს სხირტლაძის პირველი გოლია ამ სეზონში.

სიონი 5:1 ლოკომოტივი 

ბოლნსისის სიონმა შინ 5:1 მოუგო აუტსაიდერ ლოკომოტივს. ყველა გოლი ახალგაზრდებმა გაიტანეს: სიონი ირაკლი ჭიაბრიშვილის ავტოგოლით დაწინაურდა, მერე ივან ფოცხვერიამ 2:0 გახადა ანგარიში, ხოლო პირველივე ტაიმში ლოკომოტივიდან გიორგი ომარაშვილმა შეამცირა სხვაობა.

მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს: ჯერ ლუკა და ნიკა ხორხელებმა, ბოლოს კი ნიკა ღამბარაშვილმა.

საინტერესოა, რომ ფოცხვერიასთვის და ღამბარაშვილისთვისაც ეს სადებიუტო გოლები იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ბოლნისელები მერვე ადგილზე არიან.

21 ივნისს მე-18 ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება

საბურთალო-თელავი 

დინამო ბთ-ტორპედო