დრამა, დაძაბულობა, 13 გოლი... სანახაობრივი მატჩები თბილისსა და ბათუმში

News

დრამა, დაძაბულობა, 13 გოლი... სანახაობრივი მატჩები თბილისსა და ბათუმში

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის ორი მატჩი გაიმართა. დაძაბული, დრამატული და ბევრგოლიანი თამაშები ვნახეთ. ორ შეხვედრაში ჯამში 13 გოლი გავიდა. ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა...

დინამო თბილისი 3:2 თელავი 

დინამო თბილისმა თელავს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. დაძაბულ თამაშში პირველად დინამოელები დაწინაურდნენ: თელავის მეკარე ლუკა სანიკიძის შეცდომის მერე, ვაჟა ფაცაციამ გაიტანა საკუთარ კარში. პირველივე ტაიმში თელაველებმა გაათანაბრეს: იმედა აშორტიამ ლამაზად შეასრულა საჯარიმო... თუმცა შესვენების წინ დინამოელები ისევ წინ გავიდნენ: თორნიკე კირკიტაძემ ტექნიკურად შეასრულა დარტყმა.

78-ე წუთზე თელავმა მეორედ გაათანაბრა. ცოტნე კაპანაძის პასით, 18 წლის გიორგი ხაბულიანმა გაიტანა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი დინამოელებმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანეს. სტანისლავ ბილენკის დარტყმულმა 3 ქულა მოუტანა თბილისელებს - 3:2.

დინამო თბილისი მეორე ადგილზეა. თელავი კი მეექვსეზე დარჩა.

დინამო ბათუმი 4:4 სამგურალი 

დინამო ბათუმმა შინ 4:4 ითამაშა წყალტუბოს სამგურალთან. მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი მასპინძლობდა გუნდს, რომელსაც ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული... რვაგოლიანი თამაში ვნახეთ და თან, სულ ბათუმელები გადიოდნენ წინ, წყალტუბოელები კი ათანაბრებდნენ. საწყის 18 წუთში უკვე 4 გოლი იყო გასული.

დინამო ბათუმიდან დუბლი შეასრულა ხვიჩა კვარაცხელიამ და სეზონში 8 გოლი მოუგროვდა. თითო-თითო ბურთი კი ბათუმელთაგან ჯოვინო ფლამარიონმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. ფლამარიონი ბომბარდირთა დავაში პირველზეა - 10 გოლი აქვს.

სამგურალიდან კი ილია ახვლედიანმა, ჯეფერსონ ჯერალდომ, ირაკლი რუხაძემ და ნიკა კალანდარიშვილმა მოახერხეს გატანა.  

4:4 - ასეთი ანგარიში მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა.

დინამო ბათუმი 35 ქულით ლიდერობს. დინამო თბილისს 32 ქულა აქვს, სამგურალს - 30. პირველი სამეული ასეთია.