ცხრაგოლიანი მატჩი, სამგურალის ზედიზედ მეხუთე მოგება, ორი ფრე...

News

ცხრაგოლიანი მატჩი, სამგურალის ზედიზედ მეხუთე მოგება, ორი ფრე...

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური. დღეს ოთხი მატჩი გაიმართა და ორი ფრე დაფიქსირდა, ერთ შეხვედრაში 9 გოლი ვნახეთ: ეს ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებაში. ასევე საინტერესოა, რომ წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო...

სიონი 0:0 დილა 

ბოლნისის სიონმა ზედიზედ სამი წაგების მერე პირველი ქულა მოიპოვა. სიონმა შინ 0:0 ითამაშა გორის დილასთან, რომელსაც ბოლო 3 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. ბოლნისელები ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ 11 ქულით. დილა კი მეხუთე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსანს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

გაგრა 0:2 სამგურალი 

გაგრამ თბილისის დინამო არენაზე წყალტუბის სამგურალთან 0:2 წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა. და სამგურალს რაც შეეხება, გუნდი მესამე პოზიციაზეა და მეორეადგილოსან დინამო თბილისს გაუთანაბრა ქულებით.

გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა სამგურალმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. გაგრასთან გოლები თედო კიკაბიძემ და ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანეს. საინტერესოა, რომ ორივესთვის ეს სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

ტორპედო 1:1 თელავი 

ტორპედომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონზე 1:1 ითამაშა თელავთან. ქუთაისელები 77-ე წუთზე გიორგი კუხიანიძის გატანილი პენალტით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე გიორგი ხაბულიანმა გაათანაბრა. ეს 18 წლის ხაბულიანის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეშიც ფრედ დასრულდა, ოღონდ 0:0.

გუნდებს ადგილები არ შუცვლიათ. თელავი მეექვსეზე დარჩა, ტორპედო - მერვეზე.

დინამო ბათუმი 7:2 ლოკომოტივი 

დინამო ბათუმმა 7:2 სძლია ლოკომოტივს, რომელსაც 14 ტურში 14 წაგება აქვს. ლოკოდან გიორგი ქველაძემ და გიორგი ომარაშვილმა გაიტანეს: ორივე მათგანმა სადებიუტო გოლები მიითვალა სეზონში...

რაც შეეხებათ ბათუმელებს, ორ-ორი ბურთი გაიტანეს ზურიკო დავითაშვილმა და ჯამბულ ჯიღაურმა. დავითაშვილს ამ ტურამდე ბათუმელთა მაისურით არ ჰქონდა გატანილი. კიდევ  თითო-თითო გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ, მილან რადინმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა დაამატეს.

დინამო ბათუმი 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.