გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ორი მატჩი: ზედა ოთხეულის გუნდების მონაწილეობით. დაძაბული თამაშები ვნახეთ. ახლა ლიდერსა და მეორეადგილოსანს შორის სხვაობა შემცირდა - 3 ქულა გახდა.
მატჩი რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა. საბურთალო საშინაო თამაშებს დროებით რუსთავში ჩაატარებს, რადგან მიხეილ მესხზე რეკონსტრუქციაა.
შეხვედრა 0:0 დასრულდა. ლიდერმა ბათუმელებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 ფრედ დაასრულეს. გუნდს 10-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს.
რაც შეეხება საბურთალოს, ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა ბოლო 3 თამაშში 7 ქულა აიღეს და მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.
ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეშიც ფრედ დასრულდა, ოღონდ სხვა ანგარიშით - 2:2.
დილამ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 0:1 წააგო დინამო თბილისთან. 25-ე წუთზე დინამოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ლევან ოსიყმაშვილმა სწრაფი კონტრშეტევის მერე კარგი პასი გაუკეთა უსმანე კამარას, რომელმაც ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. კამარამ გოლი არ აღნიშნა, რადგან დილაში თამაშობდა.
დინამო თბილისმა ბოლო 4 შეხვედრაში 10 ქულა აიღო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დილამ კი ზედიზედ მეორე თამაში წააგო და მეოთხეზეა.
დინამო თბილისმა პირველ წრეშიც მოუგო დილას - 2:1.