გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ყველა, ხუთივე მატჩი. ვნახეთ შვიდგოლიანი თამაში, დაძაბულობაც, ბოლო წუთებზე გატანილი გადამწვეტი გოლიც... ცხრილშიც გარკვეულწილად შეიცვალა სიტუაცია.
ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა სიონმა შინ ფრედ ითამაშა ქუთაისის ტორპედოსთან - 1:1. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. დასაწყისში ნიკა ხორხელმა წინ გაიყვანა მასპინძელი სიონი, ტაიმის ბოლოს კი ტორპედომ გაათანაბრა: ბოლნისელთა მცველ ვარლამ კილასონიას საკუთარი კარისკენ აეჭრა ბურთი. იქ ქუთაისელთა შემტევი ირაკლი ბუღრიძეც აქტიურობდა.
გუნდებმა წაუგებელი სერია გააგრძელეს. სიონს სამმატჩიანი სერია აქვს, ტორპედოს - ოთხმატჩიანი.
გორის დილამ თელავს 2:1 მოუგო. ეს დილას მეექვსე გამარჯვებაა სეზონში და აქედან 4 შემთხვევაში 2:1... ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზეა.
თელავი იგებდა ზურაბ თევზაძის გოლით, მაგრამ ვაგნერ გონსალვესმა გაათანაბრა, ბოლო წუთებზე კი მალაველმა ფრანცისკო მადინგამ გადამწყვეტი ბურთი მიითვალა. საინტერესოა, რომ ვაგნერ გონსალვესმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა გატანა.
თელავს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა მანამდე საწყის ორ ტურში გაიმარჯვა და მეექვსე ადგილზეა.
დინამო თბილისისთვის სამგურალი უხერხულ მეტოქედ იქცა. წყალტუბოელებმა წინა სეზონის მსგავსად არაფერი დაუთმეს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და 0:0 ითამაშეს.
დინამოს ზედიზედ სამი ფრე მოუგროვდა და მესამე ადგილზეა, ხოლო სამგურალი ცხრილში მეშვიდეა: გუნდს 8 ტურიდან 4 ფრე აქვს. 8 გოლი გაიტანა და ასევე 8 გაუშვა...
ბათუმელებმა 5:2 მოუგეს გაგრას. საინტერესოა, რომ ამ სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა, ანუ პირველად გავიდა 7 გოლი. აქედან 3 გატანილი ბურთი საწყის 10 წუთში ვნახეთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების მერე პირველი გოლები გაიტანა - დუბლი შეასრულა. ასევე ორი ბურთი გაიტანა ჯოვინო ფლამარიონმაც. ბათუმელთაგან კიდევ ერთი გოლი მილან რადინის ანგარიშზეა.
აღვნიშნოთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა დებიუტი ბათუმელთა გუნდში.
გაგრას გოლებს რაც შეეხება, თეიმურაზ შონიამ და გიორგი ბუხაიძემ მოახერხეს მასპინძელთა კარის აღება.
დინამო ბათუმი ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს დილას. გაგრა კი მერვე ადგილზეა.
თბილისურ დერბიში საბურთალომ 3:1 მოუგო ლოკომოტივს, რომელსაც ჯერ ქულა არ აქვს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილი საბურთალო მეოთხე ადგილზე გადავიდა.
საწყის წუთებში ლოკომოტივის მცველ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. საბურთალოდან დანარჩენი ორი გოლი კი ექს-ლოკომოტიველმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. სიხარულიძე ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა - 6 გოლი აქვს.
ლოკომოტივიდან ერთადერთი ბურთი ბექა დარცმელიამ მიითვალა.