გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გადადებული სამი მატჩი და ახლა ყველა გუნდს 7-7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. დღის სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ზესტაფონის დავით აბაშიძის სტადიონზე წყალტუბოელები დაწინაურდნენ, გაგრამ კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დამთავრდა. სამგურალიდან დემურ ჩიხლაძემ გაიტანა, მერე კი გამოცდილმა მათე ვაწაძემ პენალტით აღადგინა წონასწორობა. ეს ვაწაძის მეოთხე გოლია ამ სეზონში.
იმერული გუნდი მეშვიდე ადგილზეა, გაგრა კი - მერვე. მათ შორის სხვაობა ერთი ქულაა. გაგრას ბოლო 4 შეხვედრაში არ მოუგია.
თელავმა ზედიზედ მესამე მატჩი დაასრულა ფრედ, ქუთაისელებმა კი ბოლო 3 შეხვედრაში 7 ქულა აიღეს. გუნდები ცხრილში მეზობლად არიან 10-10 ქულით, მეოთხე-მეხუთე ადგილზე.
სხვათა შორის, თელაველებს მხოლოდ 4 გოლი აქვთ გაშვებული - ყველაზე ცოტა ბათუმის დინამოსთან ერთად. ტორპედოს ტრავმის გამო ბევრი ფეხბურთელი აკლდა: ჯამში 12-კაციანი დანაკლისი...
თბილისის მიხეილ მესხზე გამართულ დერბიში საბურთალო იგებდა და დინამომ ბოლო წუთებზე გაათანაბრა. საბურთალოდან ბაქარ ქარდავამ გაიტანა, დინამოელთაგან კი - გიორგი გაბედავამ. საინტერესოა, ორივემ ყოფილ გუნდთან გამოიჩინა თავი. ორივემ თავით გაიტანა და კიდევ, ორივემ პატივისცემა გამოიჩინა ყოფილი კლუბის მიმართ: გოლი არ აღნიშნეს.
დინამო მესამე ადგილზეა. კახა ცხადაძის გუნდმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. საბურთალო კი მეექვსე საფეხურზეა: ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი ფრე აქვს.