სერიების შეწყვეტა; დებიუტები; პენალტის ფასი; ექვსგოლიანი თამაშიც...

News

სერიების შეწყვეტა; დებიუტები; პენალტის ფასი; ექვსგოლიანი თამაშიც...

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ოთხი მატჩი, აქედან ორი ფრედ დასრულდა, ორი კი სტუმრებმა მოიგეს. ერთი ექვსგოლიანი თამაშიც გამოერია: 3:3. მივყვეთ სათითაოდ...

გაგრა 0:2 ტორპედო

ქუთათურებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს, გაგრამ კი პირიქით - ზედიზედ მეორედ წააგო. ტორპედოელმა გიორგი კუხიანიძემ სწრაფი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის შუაში კი თორნიკე ახვლედიანმა მეორე ბურთი მიითვალა. ახვლედიანი მხოლოდ 6 წუთის შესული იყო მოედანზე.

საინტერესოა, რომ გაგრაში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მცველ სოლომონ კვერკველიას. არათუ გაგრაში, კვერკველიამ საერთოდ პირველად ითამაშა ქართულ კლუბში პროფესიულ დონეზე...

იგივე უნდა დავწეროთ ტორპედოელ ლევან არველაძეზეც. კვერკველიას მსგავსად, 29 წლის ნახევარმცველსაც დებიუტი ჰქონდა.

სამგურალი 0:3 დინამო ბათუმი

მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამედ იმარჯვა და ლიდერობას აგრძელებს. ჯოვინო ფლამარიონმა დასაწყისშივე გახსნა ანგარიში და 79-ე წუთამდე მინიმალური სხვაობა იყო, მერე კი ბათუმელთა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ელგუჯა ლობჯანიძემ სხვაობა გაზარდა, მესამე კი გუგა ფალავანდიშვილმა დაამატა.

თუმცა თამაში ბევრად დაიძაბებოდა, მე-7 წუთზე სამგურალის ფორვარდ სერგო კუხიანიძეს პენალტი რომ გაეტანა. მეკარე მიხეილ ალავიძემ აუღო.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, 74 წუთი ითამაშა.

თელავი 1:1 დინამო თბილისი

ორივე გოლი საწყის 14 წუთში გავიდა, ორივე საყრდენმა ნახევარმცველებმა გაიტანეს და თან ორივემ ახლოდან დასწრებაზე. დინამოელები ანზორ მექვაბიშვილმა დააწინაურა, თელავიდან კი სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა გაათანაბრა.  

დინამოელები მეორე ადგილზე არიან, 3 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ ბათუმელებს და თამაში ნაკლები აქვთ. რაც შეეხება თელავს, მეოთხე პოზიციაზეა - მართალია, ბოლო 4 ტურში მოგება არ აქვთ, მაგრამ რთული კალენდარიც დაემთხვათ, აი საწყის ორ ტურში კი ორჯერ გაიმარჯვეს.

საბურთალო 3:3 სიონი

უხვგოლიანი მატჩი მიხეილ მესხზე... ბოლოსწინაადგილოსანი სიონი მე-18 წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდა საბურთალოსთან. ახალგაზრდა ძმებმა, ლუკა და ნიკა ხორხელმა გაიტანეს გოლები. სხვათა შორის, ორივენი საბურთალოს აკადემიაში იზრდებოდნენ.

მეორე ნახევარში საბურთალომ მოუმატა და ირაკლი სიხარულიძემ დუბლი გაიფორმა - 2:2 გახდა. სიონი ისევ დაწინაურდა რაფაელ ჩუკვურას გოლით, თუმცა ბოლოს იური ტაბატაძემ 3:3 აანთებინა ტაბლოზე.

საბურთალო ცხრილის შუაშია, ბოლნისელები კი მეცხრეზე. სიონს 5 ქულა აქვს და აქედან 4 ბოლო ორ ტურში აიღო.