გორის დილამ ევროსაგზური გაინაღდა, ბათუმელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს

News

გორის დილამ ევროსაგზური გაინაღდა, ბათუმელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს

  • სამგურალი 0:0 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში შაბათს 34-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ტური წყალტუბოში სამგურალისა და ლოკომოტივის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. 

34 ტურის შემდეგ სამგურალი 41 ქულით მე-6 ადგილზეა. ლოკომოტივი კი 52 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და ამ ტურში ქულების დაკარგვის შემდეგ სამეულისთვის ბრძოლას ოფიციალურად გამოეთიშა. 

  • საბურთალო 0:0 გორის დილა

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ასევე ტურის ცენტრალური მატჩი საბურთალოსა და გორის დილას შორისაც. გორელებს ევროსაგზურის გასანაღდებლად ქულაც აძლევდათ ხელს და პროგრამა მინიმუმი დემჩენკოს გუნდმა შეასრულა კიდეც.

ზედიზედ მეორედ გორის დილა საქართველოს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს. 

  • ბათუმის დინამო 2:0 თელავი

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბათუმის დინამომ მიმდინარე ტურში. გია გეგუჩაძის გუნდმა თელავი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და პირველ საჩემპიონო ტიტულს ერთ ქულაში მიუახლოვდა. აღნიშნულ გამარჯვებაში უდიდესი როლი თორნიკე გაფრინდაშვილმა შეასრულა, რომლმაც საკუთარ ანგარიშზე დუბლი გაიფორმა. 

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს აქტივში 71 ქულა  და პირველი პოზიციაა. თელავი კი 38 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. 

  • დინამო თბილისი 2:0 შუქურა

გაიმარჯვა დინამო თბილისმაც, თუმცა თუ დარჩენილ შეხვედრებში ბათუმელებმა ორივე თამაში არ წააგეს, მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდებიან. შუქურასთან დაპირისპირებაში გატანილი გოლებით თავი გიორგი გაბედავამ და ზორან მარუშიჩმა გამოიჩინეს. გატანის რეალური შანსი ქობულეთელებსაც ჰქონდათ, თუმცა ჯეფერსონის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დინამოელთა ესპანელმა გოლკიპერმა ანდრეს პრიეტომ მოიგერია. 

34 ტურის შემდეგ დედაქალაქელებს 66 ქულა აქვთ და მეორე ადგილს იკავებენ, შუქურა კი 27 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება.

  • ტორპედო 4:1 სამტრედია

ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც კვირას გაიმართა, დიდი ანგარიში დაფიქსირდა. ქუთაისელებმა სამტრედიელებს უმასპინძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში 11-მეტრიანით მათე ცინცაძემ გახსნა, წონასწორობა კი პირველივე ტაიმში გიორგი გადრანმა აღადგინა. მასპინძელთაგან თავი ლევან წოწონავა, დმიტრი რეკიშმა და მეჰდი ბუკასმაც გამოიჩინეს.

სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ტორპედო, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება თელავს, მე-8 ადგილზეა და ინარჩუნებს ფლე-აუტის გარეშე ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს. სამაგიეროდ, უძლიერესთა რიგებს გამოემშვიდობა 20-ქულიანი სამტრედია, რომელიც უკვე 7 ქულით ჩამორჩა შუქურას.