- ლოკომოტივი 0:0 ბათუმის დინამო
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატებმა ქულები დაკარგეს, თუმცა ამ შემთხვევაში მეტად ბათუმის დინამომ ისარგებლა. გათამაშების ლიდერები გასვლაზე ლოკომოტივს დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
33 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 68 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. ლოკომოტივი კი 51 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
- დილა 1:0 დინამო თბილისი
ბათუმელების ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლეს მოქმედმა ჩემპიონებმა. იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქელები გორის დილასთან სტუმრად მოიგებდნენ, ლიდერებთან სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებდნენ, მაგრამ კახაბერ ცხადაძის გუნდი გორიდან უქულოდ გაბრუნდა. დილამ მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა. დინამოელებს ამ მატჩში საკმაოდ ბევრი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს.
ამ დროისთვის დინამო თბილისს აქტივში 63 ქულა რჩება და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. გორის დილა კი 59 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.
- სამტრედია 1:2 სამგურალი
მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა წყალტუბოს სამგურალმა სამტრედიასთან გამართულ გასვლით შეხვედრაში. სოსო ფრუიძის გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.
დაპირისპირებაში ანგარიში სამტრედიამ გივი იოსელიანის გოლით გახსნა, მაგრამ 74-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ წონასწორობა ჯერ პენალტით აღადგინა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
33 ტურის შემდეგ სამგურალს 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. სამტრედია კი 20 ქულით ისევ ბოლო საფეხურზე რჩება.
- შუქურა 0:1 ტორპედო
ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა აუტსაიდერების დაპირისპირება. ტორპედომ სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია ქობულეთის შუქურას. თამაშში ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ოლეგ მამასახლისმა გაიტანა. მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ტორპედომ პლეი-აუტის ზონის დატოვების თეორიული შანსი შეინარჩუნა.
ამ დროისთვის ქუთაისის ტორპედო 33 ქულით მე-8 ადგილზეა, შუქურა კი 27 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.
- თელავი 2:1 საბურთალო
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო თელავმა კავკასიონი არენაზე, სადაც საბურთალო დაამარცხა. მასპინძლებმა ორივე გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანეს. მე-13 და მე-18 წუთებზე ოთო გოშაძის კარი ფირუზ მარაქველიძემ და ნათან ჟუნიორმა აიღეს. საბურთალომ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა ერთი საპასუხო გოლის გატანა. გიორგი გულიაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად დედაქალაქელებს დრო აღარ დარჩათ.
33 ტურის შემდეგ თელავის ანგარიშზე 38 ქულა და მე-7 ადგილია, საბურთალო კი 50 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.
ფოტო: ბათუმის დინამო