თბილისის დინამო კონკურენტს ერთ ქულაში მიუახლოვდა

News

თბილისის დინამო კონკურენტს ერთ ქულაში მიუახლოვდა

  • ტორპედო 0:3 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის ორი შეხვედრა შაბათს გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ საკუთარ მოედანზე გორის დილას უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. სტუმრებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში შეხვედრაში 55-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გახსნა. მატჩის 73-ე წუთზე ტორპედომ გაძევებული მათე ცინცაძე დაკარგა. ათი კაცით დარჩენილ გუნდს გორელებმა კიდევ ორჯერ გაუტანეს. თავი ჯერ ფრანსისკო მადინგამ გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ირაკლი ბიძინაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 0:3.

ამ დროისთვის ქუთაისის ტორპედოს აქტივში 30 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. გორის დილა კი 56 ქულით მესამე ადგილს იკავებს.  

  • დინამო თბილისი 4:0 თელავი

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე ტურში თბილისის დინამომაც, რომელმაც საკუთარ მოედანზე თელავს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. ანგარიში მილან რადინის მიერ გატანილი გოლით მატჩის მე-40 წუთზე გახსნა. შესვენებაზე დედაქალაქელები მინიმალური უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში  მასპინძელთა აქტიურობას თელაველთა კარში კიდევ სამი გატანილი გოლი მოჰყვა. თავი ჯერ ლევან ხარაბაძემ გამოიჩინა, მატჩის მიწურულს კი ზორან მარუშიჩმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახადეს.

მოპოვებული სამი ქულის შემდეგ დინამოელები მთავარ კონკურენტს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ. ბათუმის დინამოსთან კახი ცხადაძის გუნდს მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა აქვს. მიმდინარე ტურის შეხვედრას ბათუმელები კვირას გამართავენ. 
ფოტო: დინამო თბილისი