დინამოებმა ერთნაირი ანგარიშებით ქულები დაკარგეს

News

დინამოებმა ერთნაირი ანგარიშებით ქულები დაკარგეს

  • შუქურა 1:1 თელავი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის ბოლო ტურში შუქურასა და თელავის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მნიშვნელოვან დაპირისპირებას ქობულეთელები მიშიკო სარდალიშვილის მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ირაკლი რუხაძემ ანგარიში გაათანაბრა და  საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შუქურამ 22 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. თელავი კი 26 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

  • სამგურალი 0:0 ტორპედო

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა იმერული დერბი სამგურალსა და ტორპედოს შორის. შეხვედრაში ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ მაშინ, როცა სერგო კუხიანიძე ერთი-ერთზე გავიდა ტორპედოელთა გოლკიპერის წინაშე, თუმცა ამ შანსის რეალიზება ვერ მოახერხა. 

27 ტურის შემდეგ სამგურალს 35 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე რჩება, ტორპედო კი 26 ქულით მე-7 ადგილზეა. 

  • სამტრედია 0:2 საბურთალო

ზედიზედ მეორე შეხვვედრა მოიგო საბურთალომ ეროვნულ ლიგაში. დედაქალაქელებმა გასვლაზე აუტსაუდერი სამტრედია დაამარცხეს ორბურთიანი უპირატესობით. ანგარიში შეხვედრაში აკაკი შულაიამ გახსნა, ხოლო ორამდე უპირატესობა გიორგი გულიაშვილმა გაზარდა. 

საბურთალომ ამ მოგებით 46 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს იკავებს. სამტრედია კი 16 ქულით ბოლო პოზიციაზე რჩება.

  • ლოკომოტივი 2:2 დინამო თბილისი

უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ლოკომოტივსა და დინამოს შორის. მატჩი 2:2 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ  მეორე ნახევარში გუნდები მეტად გააქტიურდნენ. პირველი გოლი 65-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე ირაკლი სიხარულიძის გოლით აღადგინეს, რომელიც მისთვის მეასე აღმოჩნდა, ნიკა სანდოხაძემ კი ლოკომოტივი წინ გაიყვანა, თუმცა მცირე ხნით. ორ წუთში ოსეი ბარნსმა ლოკომოტივის კარი აიღო და გუნდს ქულა მოუტანა.

27 ტურის შემდეგ ლოკომოტივმა 41 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზეა. დინამო თბილისი კი 52 ქულით მეორე ადგილზეა.

  • დილა 2:2 ბათუმის დინამო

ბათუმელებმა მთავარი კონკურენტის მიერ ქულების დაკარგვა ვერ გამოიყენეს. დილასთან მოგების შემთვევაში ბათუმელები დედაქალაქელებთან უპირატესობას 8 ქულამდე გაზრდიდნენ. გორში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. 

მასპინძლები 23-ე წუთზე კამარამ დააწინაურა. 34-ე წუთზე კი ჯამბულ ჯიღაურმა წონასწორობა აღადგინა. 

73-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ზუსტად შესრულებელი თერთმეტმეტრიანის შემდეგ სტუმრები ახლოს იყვნენ სამ ქულასთან, მაგრამ გორელებმა მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანეს. ანგარიში ნიკა გაგნიძემ გაათანაბრა. საბოლოოდ გუნდები მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

ამ დროისთვის გორის დილას აქტივში 44 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. ბათუმის დინამო კი 57 ქულით სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფოტო: დინამო თბილისი