თბილისის დინამომ ოთხბურთიანი სხვაობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

News

თბილისის დინამომ ოთხბურთიანი სხვაობით ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

  • ტორპედო 0:1 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია დღეს ქუთაისში დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტორპედოს მინიმალური ანგარიშით მოუგო და აქტივში სამი ქულა მიითვალა. სტუმრებმა ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს. 41-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ლამაზი დარტყმით აიღო როინ კვასხვაძის კარი. 

26 ტურის შემდეგ ტორპედო 25 ქულით გათამაშების ცხრილის მე-7 პოზიციაზე იმყოფება, ხოლო ლოკომოტივი კი 40 ქულით მე-5 ადგილზეა. 

  • თელავი 0:2 დილა

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა დღეს გორის დილამაც, რომელიც სტუმრად თელავს დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ცოტნე მოსიაშვილმა ანგარიში უსმანე კამარას საგოლე პასით გახსნა, 68-ე წუთზე კი გორელთა უპირატესობა თავად უსმანე კამარამ უკვე მოსიაშვილის საგოლე გადაცემით ორამდე გაზარდა. 

თელავმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ამ დროისთვის თელაველები 25 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, გორის დილა კი 43 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 

  • ბათუმის დინამო 3:0 სამგურალი

დიდი ანგარიშით მოიგო მიმდინარე ტურის შეხვედრა ბათუმის დინამომ. გათამაშების ლიდერებმა საკუთარ არენაზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და მეტოქე 3:0 დაამარცხეს. გია გეგუჩაძის გუნდი პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას.

შეხვედრის 43-ე წუთზე ანგარიში ჯამბულ ჯიღაურმა გახსნა. 51-ე წუთზე  უპირატესობა ორამდე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაზარდა. საბოლოო შედეგი კი 63-ე წუთზე გიორგი ალთუნაშვილმა დააფიქსირა.

ბათუმის დინამომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გათამაშების ცხრილს 56 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. მთავარ კონკურენტ დინამო თბილისს ბათუმელები 5 ქულით უსწრებენ. სამგურალი 34 ქულით მე-6 ადგილზე რჩება.

  • დინამო თბილისი 5:1 სამტრედია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ოთხბურთიანი უპირატესობით. 26-ე ტურში კახაბერ ცხადაძის გუნდი აუტსაიდერ სამტრედიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ზორან მარუშიჩმა, დავით სხირტლაძემ, საიმონ ბენიომ, მილან რადინმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. სტუმართაგან ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გიორგი არაბიძემ გაათანაბრა.

26 ტურის შემდეგ დინამო თბილისს 51 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილის მეორე პოზიციაზეა, სამტრედია კი 16 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ფოტო: დინამო თბილისი