დინამო თბილისი 1:2 დინამო ბათუმი
დღეს, კახაბერ ცხადაძის დინამო თბილისმა უშუალო კონკურენტს - დინამო ბათუმს უმასპინძლა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში თბილისელთა სერბმა ლიდერმა - ზორან მარუშიჩმა გახსნა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-9 გოლის გატანა შეძლო.
ანგარიში 78-ე წუთზე, დინამო თბილისის ყოფილმა მოთამაშემ - ირაკლი აზაროვმა გაათანაბრა, რომელმაც შესანიშნავი შორეული დარტყმით როინ კვასხვაძის კარის აღება შეძლო.
შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი კი ბათუმელთა ბრაზილიელმა ლიდერმა - ჯოვინომ გაიტანა. 24 წლის შემტევმა, გიორგი ნავალოვსკის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და თავური დარტყმით დინამოში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
დილა გორი 2:1 ლოკომოტივი თბილისი
გორის დილამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და მატჩი გორელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში გორელთა შემტევმა - თორნიკე კაპანაძემ გახსნა, რომელმაც ლოკოს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და დილა დააწინაურა.
ანგარიში 62-ზე წუთზე ლოკოს 26 წლის ფორვარდმა, მამია გავაშელიშვილმა გაათანაბრა. ხოლო 71-ზე, დილას უსმანე კამარამ ლოკოს საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
შუქურა 2:0 სამტრედია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მორიგი დაპირისპირება დღეს ფოთში განახლებულ ფაზისზე შუქურასა და სამტრედიას შორის გაიმართა. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
შეხვედრის ორივე ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ქობულეთელებმა პირველ ტაიმში ორი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა ორივე შემთხვევაში სამტრედიელთა გოლკიპერმა გადაარჩინა გუნდი. თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. შუქურამ 57-ე წუთზე ჯეფერსონის მიერ გატანილით ანგარიში გახსნა. საგოლე პასი ზურაბ მუსელიანის იყო, რომელმაც 64-ე წუთზე თავადაც მიიწერა გოლი და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შუქურამ მეორე ტაიმი ათკაციანი შემადგენლობით დაასრულა. მატჩის 59-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი რეხვიაშვილი გააძევა.
21 ტურის შემდეგ ქობულეთის შუქურას 20 ქულა აქვს და ამ დროისთვის მე-7 პოზიციაზე იმყოფება. 10 ქულა რჩება სამტრედიას, რომელიც ამ მაჩვენებლით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზეა.