თბილისის დინამომ სამტრედია დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა

News

თბილისის დინამომ სამტრედია დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა

სამტრედია 0:2 დინამო თბილისი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დაპირისპირება თბილისის დინამომ  მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებით დაასრულა. კახაბერ ცხადაძის გუნდი გასვლაზე სამტრედიას დაუპირისპირდა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. მატჩის 24-ე წუთზე ზორან მარუშიჩის საგოლე გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარში მილან რადინმა მოათავსა. 

საბოლოო ანგარიში დედაქალაქელებმა შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე დააფიქსირეს. ამჯერადაც საგოლე გადაცემის ავტორი ზორან მარუშიჩი იყო. გოლი კი საკუთარ ანგარიშზე თორნიკე ახვლედიანმა მიითვალა. 

დინამო თბილისმა მოპოვებული სამი ქულის შემდეგ 35 ქულა დააგროვა და  გათამაშების ცხრილს სულ სათავეში მოექცა. ხვალ გამართავს შეხვედრას მთავარი კონკურენტი ბათუმის დინამო, რომელთანაც ცხადაძის გუნდს ამ დროისთვის მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობა აქვს. 

რაც შეეხება სამტრედიას, გუნდი კვლავ გასავარდნ ზონაშია. იმერლებს 10 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებენ.

შუქურა 0:0 საბურთალო

ზედიზედ ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ საბურთალომ ქულები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში დაკარგა. დედაქალაქურმა კლუბმა შუქურას წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა ფრედ დაასრულა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში დააფიქსირა ფრე. დღევანდელმა მეტოქეებმა ქულები პირველ წრეშიც გაიყვეს, როცა უფრო შედეგიანად 2:2 დაასრულეს შეხვედრა.

ამ დროისთვის ქობულეთელებს 16 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან. 28 ქულა აქვს საბურთალოს და გათამაშების ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს.