- დინამო ბათუმი 1:0 დინამო თბილისი
- ბათუმელებმა მატჩი ჯაბა ჯიღაურის გოლით მოიგეს
გია გეგუჩაძის ბათუმის დინამო, ბათუმის ახალ სტადიონზე დაბრუნდა, სადაც აჭარლებმა დღეს უშუალო კონკურენტს - თბილისის დინამოს უმასპინძლეს.
მატჩი ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და პირველ ტაიმში ეს მოცემულობა დიდად არ შეცვლილა. ამან 42-ე წუთზე შედეგი გამოიღო და ჯაბა ჯიღაურმა ზუსტი დარტყმით ბათუმის დინამო დააწინაურა.
გოლი სანდრო ალთუნაშვილის დაწყებულ შეტევას მოჰყვა, რომელიც გიორგი ფანცულაიამ კარგად განავითარა და ბურთი ჯაბა ჯიღაურს გადააწოდა.
მეორე ტაიმში თბილისელები გააქტიურდნენ, კარგი მომენტი ჰქონდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს - ზორან მარუშიჩს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
64-ე წუთზე ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ჯანო ანანიძეს, რომელმაც ბაქარ ქარდავა შეცვალა. საბოლოოდ, თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და დაძაბული მატჩი ბათუმის დინამოს გამარჯვებით დასრულდა.
12 ტურის შემდეგ, გუნდებს 25-25 ქულა აქვთ. თუმცა, პირველ ადგილზე ბურთების უკეთესი სხვაობით ბათუმის დინამო იმყოფება. ასევე, გია გეგუჩაძის გუნდმა, წელს თბილისელთა დამარცხება უკვე მეორედ შეძლო.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ატმოსფერო, რაც დღეს ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ მატჩს თან სდევდა. კარგი საფეხბურთო საღამო მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - დინამომ ახალ სტადიონზე დაბრუნება 3 ქულით აღნიშნა.