დინამომ ქართული დერბი ახვლედიანის და ბენიოს გოლებით მოიგო

News

დინამომ ქართული დერბი ახვლედიანის და ბენიოს გოლებით მოიგო

სათადარიგოთა სკამზე გიორგი ნემსაძის არყოფნის მიუხედავად თბილისის დინამომ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თბილისელებმა უძველეს ქართულ დაპირისპირებაში ქუთაისის ტორპედო სტუმრად 2:0 დაამარცხეს.

48 წუთზე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დინამოს მაისურით პირველი გოლი გაიტანა თორნიკე ახვლედიანმა და დედაქალაქური გუნდი დააწინაურა. 70-ეზე კი ქუთაისელთა კარი დინამოს ტოგოელმა ლეგიონერმა - საიმონ ბენიომ აიღო.

თბილისელები შემდეგ მატჩს დინამო არენაზე ჩაატარებენ, სადაც გიორგი ნემსაძის გუნდი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული აჭარული დერბი ფრედ - 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ორივე გოლი თავური დარტყმის შედეგად გავიდა.

პირველი ტაიმის 42-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა ავსტრიელი ლუკას გროზურეკის პასით ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მატჩის მიწურულს კი 82-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას ჯერ ერთი და მერე მეორე თავური დარტყმაც ლაზარე კუპტაძემ მოიგერია, თუმცა ბურთმა კარის ხაზი მეორე შემთხვევაში გადაკვეთა და შუქურამ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, სამტრედიამ გორის დილას უმასპინძლა და შეხვედრა სტუმრებთან 0:2 დათმო.

ანგარიში მე-10 წუთზე პაატა ღუდუშაურმა მოჭრილი დარტყმით გახსნა - 0:1. 42-ე წუთზე, ირაკლი ბუღრიძის მიერ გატანილი მეორე გოლიც ღუდუშაურის გარღვევას მოჰყვა.

დილამ პირველ 2 ტურში ორივე მატჩი მოიგო და 6 ქულით გორელები ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.