კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო - გუნდებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს, შეკრებები და საკონტროლო მატჩები დაგეგმეს. სატრანსფერო აქტივობები ისევ გრძელდება და გუნდების შევსების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის...
დინამო თბილისი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონმა - თბილისის დინამომ, ახალი მთავარი მწვრთნელის - გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით დიღმის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა.
გუნდს 3 ახალწვეული ჰყავს, ჰოლანდიელი მცველი - ფაბიან სპორკსლეიდი; მარტვილის მერანის 23 წლის გარემარბი - ლევან წოწონავა სერბი ლეგიონერი - ზორან მარუშიჩი. სპორკსლეიდი ამსტერდამის აიაქსის აღზრდილია, თუმცა ბოლო სეზონები ბრედაში (2016-19) და ვალვიკში (2019-20) ჩაატარა.
დინამო დატოვა, გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა - ნოდარ ქავთარაძემ, რომელიც სათამაშოდ უნგრულ 'მეზოკოვეშდიში' გადავიდა.
გიორგი ნემსაძის გუნდი, 20 იანვარს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - რადნიკი (სერბეთი) - 23 იანვარი, ნაპრედაკი (სერბეთი) - 26 იანვარი, კოლოსი (უკრაინა) - 29 იანვარი, დინამო კიევი (უკრაინა) - 1 თებერვალი, სოჭი (რუსეთი) - 8 თებერვალი.
დინამო ბათუმი
კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და ბათუმის დინამოს ყოფილმა შემტევმა - ვლადიმერ დვალიშვილმა კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლა და დღეს დინამოს სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს.
დეკემბერში გუნდი დატოვეს - გოდფრი ობოაბონამ, ლაშა შერგელაშვილმა, მათე ცინცაძემ, რეინალდომ, კიჭი მელიავამ, იჰორ ლევჩენკომ და ვაჟა ფაცაციამ. გია გეგუჩაძის გუნდმა - გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ზარია, გიორგი ფანცულაია, სანდრო ალთუნაშვილი და რაფაელ ჩუკვურა დაიმატა.
ბათუმელები ახალი სეზონისთვის თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადებიან, ხოლო 3 თებერვალს ანტალიაში შეკრებაზე გაემგზავრებიან და მზადებას თურქეთში განაგრძობენ.
დილა გორი
გუნდიდან გიორგი ნემსაძის წასვლის შემდეგ, გორელებს 2021 წლის სეზონში უკრაინელი სპეციალისტი - ანდრეი დემჩენკო უხელმძღვანელებს.
ამსტერდამის აიაქსის და მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი მოთამაშე, სხვადასხვა დროს ხარკოვის მეტალისტს, ლვოვს და ტაშკენტის ობოდს წვრთნიდა.
გუნდმა ახალი სეზონის წინ - ცოტნე მოსიაშვილი, პაატა ღუდუშაური და ანრი ჭიჭინაძე დაიმატა.
ლოკომოტივი თბილისი
ეფექტური ევრო-სეზონის შემდეგ, ლოკო ახალ სეზონს, ახალი შემადგენლობით ხვდება. გიორგი ჭიაბრიშვილმა, გუნდის ძირითადი ბირთვის თითქმის ყველა მოთამაშის შენარჩუნება შეძლო და მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
ლოკო გუნდის ვიცე-კაპიტანმა - ნიკა ჭანტურიამ დატოვა. საგურამოს ბაზას, კლუბის ვეტერანი - რევაზ თევდორაძე დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო 2 სეზონი თბილისის მერანში გაატარა. ასევე, წითელ ფორმას მოირგებენ - კახა კახაბრიშვილი და სოსო კოპალიანი.
ლოკომოტივის თბილისური შეკრება, 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და სავარჯიშო პროცესის პარალელურად, ლოკო 3 ამხანაგურ მატჩსაც გამართავს: 17 იანვარი - გარეჯი, 24 იანვარი - საბურთალო, 31 იანვარი - დინამო ბათუმი.
2 თებერვალს, გუნდი თურქეთში, ბელეკში გაემგზავრება, სადაც ორკვირიანი შეკრებაა დაგეგმილი. თურქულ შეკრებაზე, ლოკომოტივი ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 5 თებერვალი შახტარის შახტარი (უკრაინა), 9 თებერვალი - დესნა (უკრაინა), 10 თებერვალი - როტორი (რუსეთი), 12 თებერვალი - უფა (რუსეთი), 16 თებერვალი - ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი).
საბურთალო
თბილისელებმა სატრანსფერო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეს, გუნდმა ორი მოლდოველი ლეგიონერი - დმიტრი მანდრიჩენკო და ვიქტორ მურდაკი დაიმატა; ლოკომოტივის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცნეტრალური ნახევარმცველი - თორნიკე ძებნიაური საბურთალოში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.
ასევე, საბურთალოს შეუერთდნენ - რაფიქ ამინუ (განა), რომან ჩაჩუა, გიორგი ერისთავი, გიორგი ჯგერენაია, გიორგი ლაცაბიძე და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი - თომა ტაბატაძე. გუნდში დაბრუნდა ოთარ გოშაძე, რომელიც განათხოვრების წესით თელავის ღირსებას იცავდა.
ლევან კორღალიძეს გუნდი დატოვეს - დავით კუპატაძემ, ბექა ქავთარაძემ, ანრი ჭიჭინაძემ, ლევან მაჭარაშვილმა, ჟარდელ როდრიგესმა, ოლივიე ბუმალმა, სანდრო ალთუნაშვილი და გუნდის კაპიტანმა - გაგი მარგველაშვილმა, რომელიც კარიერას უნგრულ 'მეზოკოვედში' განაგრძობს. თბილისელებს მომდევნო სეზონში გიორგი კოხრეიძე უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანი ლევან კაკუბავა იქნება.
თელავი
12 იანვარს, თელავი შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი 7 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
თელავი დატოვეს - გრიგოლ ჩაბრაძემ, ცოტნე მოსიაშვილმა, რაფაელ ჩუკურამ, ალექსანდრე კოშკაძემ, გურამ სამუშიამ, ვლადისლავ კრაევმა, ჰოვანეს პოღოსიანმა და კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ.
ახალ სეზონში, თელავის ღირსებას დაიცავენ - ზურაბ თევზაძე, ცოტნე კაპანაძე, ვაჟა ფაცაცია, გიორგი ხაბულიანი, ბექა გაბისკირია, შოთა შეყილაძე და იმედა აშორტია.
სამტრედია
სამტრედიელთა რიგები, კლუბის აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა - ნიჯატ ყურბანოვმა დატოვა. ასევე, გუნდს დაემშვიდობენ - გიორგი ჯგერენაია, რომელიც საბურთალოში ითამაშებს და და დიეგო დიზი - ესპანელი კარიერას ფინურ 'ულუში' განაგრძობს.
ტორპედო ქუთაისი
დეკემბერში ქუთაისის ტორპედომ პლეი-აუტში გაგრას სძლია - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო.
ქუთაისური გუნდის რიგებს - გიორგი ფანცულაია დააკლდება, რომელიც კარიერას ბათუმის დინამოში განაგრძობს. მან კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
შუქურა
ქობულეთის 'შუქურა' ახალი სეზონისთვის შევსებას აქტიურად განაგრძობს. გუნდის რიგებს, გამოცდილი მცველები - ნიკა ჭანტურია და გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდნენ.
ასევე - ზურაბ მუსელიანი, ამირან როხვაძე და ბრაზილიელი ლეგიონერი - ჟასინტო ჟუნიორი. შუქურა რომან ჩაჩუამ დატოვა რომელიც კარიერას საბურთალოში განაგრძობს.
სამგურალი
18-წლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოს სამგურალი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. წყალტუბოელებმა იმერულ 2 მატჩიან დერბიში, საჩხერის ჩიხურა დაამარცხეს და დაწინაურდნენ.
სამგურალი თვის ბოლომდე, 26 მაისის სახელობის სტადიონზე მოემზადება და საკონტროლო მატჩებსაც გამართავს. 23 იანვარს წყალტუბოელები ამხანაგურ შეხვედრაში ქობულეთის შუქურას უმასპინძლებენ. 1 თებერვლიდან ახალი სეზონისთვის მზადებას ანტალიაში განაგრძობს.
წყალტუბოელთა რიგებში, არაერთი ახალწვეულია - ირაკლი ლექვთაძე, გიორგი ბუხაიძე, მაქსიმე ქვილითაია, ლუქმან გილმორი და დავით კირკიტაძე.
სამგურალთან კონტრაქტები დაუმთავრდათ და გუნდი დატოვეს - ბექა ქურდაძემ, ლუკა რაზმაძემ, ლაშა კუჭუხიძემ, თენგიზ ბრეგვაძემ, დავით რაჟამაშვილმა, გივი იოსელიანმა, გიგა ამბროლაძემ და მერაბ მეგრელაძემ.