დინამომ ქართული დერბი ორი პენალტით მოიგო, ბათუმში ლოკომ გაიმარჯვა

News

დინამომ ქართული დერბი ორი პენალტით მოიგო, ბათუმში ლოკომ გაიმარჯვა

კრიტსალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს გამოტოვებული შეხვედრები გაიმართა. თბილისის დინამომ მე-14 ტურის მატჩში ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხა. ქართულ დერბიში დუბლი ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა, რომელმაც ორივე ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა პირველი პენალტი სტუმართა კარში თამაშის 64-ე წუთზე დანიშნა, მალევე კი სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. როინ კვასხვაძის კარი 67-ე წუთზე გიორგი ფანცულაიმ აიღო, რომელმაც სოლო რეიდი ულამაზესი დარტყმითაც დააგვირგვინა.

სამი ქულის ბედი დედაქალაქელებმა 84-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტის მეშვეობით გადაწყვიტეს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს გამარჯვება დინამოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რაკი მთავარმა კონკურენტმა ბათუმის დინამომ წააგო, დინამო ჩემპიონობას კიდევ უფრო მიახლოვდა. 

ამ დროისთვის თბილისის დინამოს ანგარიშზე 34 ქულაა და გუნდი გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება. ქუთაისის ტორპედო კი 16 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.

ბათუმის დინამომ მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა საკუთარ მოედანზე ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი, რომელიც გია გეგუჩაძის გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი იყო, ბათუმელებმა წააგეს. არადა, დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით და მათ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით მიმდინარეობდა, მაგრამ გოლის გატანის საშუალება ბათუმელებს გიორგი მამარდაშვილმა არ მისცა.

შეხვედრის 65-ე წუთზე დინამო გიორგი ნიქაბაძემ მაინც დააწინაურა. გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივს კი ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წუთი დასჭირდა - ირაკლი სიხარულიძის პასით დავით უბილავამ გაიტანა. 83-ე წუთზე უკვე უბილავას პასის შემდეგ მამია გავაშელიშვილი გამოირჩა. ლოკომოტივმა ამ გოლით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ბათუმში და ამ გამარჯვებით ევროთასებისთვის მებრძოლთა ზონაში გადაინაცვლა. 

ბათუმის დინამოს 29 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერს კი 5 ქულით ჩამორჩება. ლოკომოტივი 26 ქულით მე-3 პოზიციაზეა.