გამარჯვება ისტორიულ მატჩში - ბათუმის დინამომ ახალ არენაზე დილა დაამარცხა

News

გამარჯვება ისტორიულ მატჩში - ბათუმის დინამომ ახალ არენაზე დილა დაამარცხა

  • ბათუმის დინამო 1:0 გორის დილა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე ადგილობრივ დინამოსა და გორის დილას შორის გაიმართა. სატურნირო მდგობარეობიდან გამომიდნარე დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ორივე გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, მასპინძლებს კი წარმატებული ნათლობაც სურდათ. გიორგი გეგუჩაძის გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი შეხვედრის 68-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა. მანამდე ანგარიშის გასახსნელად ძალიან კარგი შანსი მიეცათ პირველი ნახევარის ბოლოსაც, თუმცა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ჯამბულ ჯიღაურის დარტყმული სტუმართა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა აიღო. 

გაშვებული გოლის შემდეგ დილასაც ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი. განსაკუთრებულად აღსანიშნია 73-ე წუთზე განხორციელებული შეტევა, რა დროსაც მიხეილ ალავიძემ სამჯერ მოიგერია სტუმართა დარტყმები და მშრალად შეინახა კარი.

საბოლოოდ მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ამ დროისთვის ბათუმის დინამოს 29 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. გორის დილა კი 24 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

  • საბურთალო 1:0  ქუთაისის ტორპედო

მინიმალური ანგარიშით მოიგეს მასპინძლებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველი შეხვედრაც. საბურთალომ ქუთაისის ტორპედოს მიხეილ მესხის სახელობის არენაზე უმასპინძლა და რამდენიმემატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქე  გიორგი გულიაშვილის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. უშანსოდ არც ტორპედო გამოიყურებოდა. სტუმრებმა საკმაოდ მრავლად შექმნეს სახიფათი მომენტები, მაგრამ რეალიზება ვერ მოახერხეს. ლაზარე კუპატაძემ რამდენიმე სიტუაციაში იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან. 

16 ტურის შემდეგ საბურთალოს აქტივში 24 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ტორპედო კი 16 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. 

  • თელავი 1:1 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თელავმა კავკასიონი არენაზე ლოკომოტივთან გაიყო ქულები. დედაქალაქელებმა დაპირისპირება კარგად დაიწყეს და მატჩის მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნეს ირაკლი სიხარულიძის მიერ გატანილი გოლით. ამის შემდეგ თელაველები ძალიან გააქტიურდნენ და სურათი მთელი თამაშის განმავლობაში არ შეცვლილა. ანგარიშის გათანაბრება რევაზ გოცირიძის გუნდმა მეორე ტაიმის დებიუტში შეძლო. ცოტნე მოსიაშვილმა თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. ყველა სხვა შემთხვევაში კი მასპინძლების მიერ შექმნილი უამრავი სახიფათო მომენტი სტუმართა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გაანეიტრალა. 

16 ტურის შემდეგ თელავს 20 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მე-6 პოზიციაზეა. ლოკომოტივი კი 23  ქულით მე-5 ადგილს იკავებს.