თბილისის დინამომ ისევ მოიგო და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია!

News

თბილისის დინამომ ისევ მოიგო და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩიხურასა და თელავს შორის გაიმართა. მცდელობის მიუხედავად, მასპინძლებისთვის ამ ტურის შემდეგაც არაფერი შეიცვალა სატურნირო ცხრილში. აღნიშნულ დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდანვე სტუმართა უპირატესობა თვალშისაცემი იყო და 37-ე წუთზე საჩხერელთა კარში ლოგიკური გოლიც გავიდა - ანგარიში იაროსლავ კვასოვმა გახსნა. 

მეორე ტაიმის 77-ე წუთზე ჩიხურამ თენგიზ წიქარიძის მიერ გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა გიორგი მოისწრაფიშვილმა 88-ე წუთზე თელავი წინ გაიყვანა  და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

15 ტურის შემდეგ ჩიხურას აქტივში მხოლოდ 6 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება. 19 ქულა დააგროვა დღევანდელი გამარჯვების შემდეგ თელავმა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის დინამომ, რომელიც გასვლაზე გორის დილას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 0:3 დაამარცხა. დედაქალაქელებმა პირველი გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანეს. მასპინძელთა დაცვის ჩავარდნით მოქმედმა ჩემპიონებმა ისარგებლეს და შედეგიანი კომბინაცია გაათამაშეს, რომელიც გიორგი გაბედავამ გატანილი გოლით დაასრულა.

მე-15 წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე ნოდარ იაშვილმა გაზარდა. საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დავით სხირტლაძემ დააფიქსირა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. 

ამ დროისთვის გორის დილას 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. 28 ქულა დაუგროვდა თბილისის დინამოს და ამ მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დასრულდა, სადაც ლოკომოტივმა საბურთალოს უმასპინძლა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქე 2-1 დაამარცხა და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა.

ლოკომოტივმა ანგარიში ულად-ომარ იმრანის მიერ გატანილი გოლით შეხვედრის 30-ე წუთზე გახსნა. 83-ე წუთზე უპირატესობა ორამდე გიორგი იაკობიძემ გაზარდა და სამი ქულის მოპოვების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვიტა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით. თავი ისევ ლოკომოტივის ფეხბურთელმა გამოიჩინა, თუმცა ამჯერად ალექსანდრე გურეშიძემ ავტოგოლი მიითვალა და შედეგად სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. დარჩენილი დრო, საბურთალოსთვის თამაშის შემოსატრიალებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

15 ტურის შემდეგ ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება. საბურთალო 21 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.