სამტრედია 0:0 თელავი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა, სადაც ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გიორგი მიქაძის გუნდმა თელავი მიიღო. დაპირისპირება,რომელიც საგოლე მომენტების სიმრავლით არც გამოირჩეოდა, ლოგიკური ანგარიშით - 0:0 დასრულდა. ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს ბოლო წუთზე შეექმნათ, როდესაც თელავის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმა ვარლამ კილასონიამ კარგად შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა მოიგერია.
13 ტურის შემდეგ სამტრედიას 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციაზე რჩება. თელავი კი 15 ქულით მე-7 ადგილზეა.
დილა 6:1 ჩიხურა
უხვგოლიანი გამოდგა გორის დილასა და საჩხერის ჩიხურას შორის გამართული შეხვედრა. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს 6 გოლი გაუტანა. საჩხერელთა კარში უკვე მე-7 წუთზე ნიკა გაგნიძემ გაიტანა, რასაც 33-ე და 59-ე წუთებზე მიკოლა კოვტალიუკის დუბლი მოჰყვა. 66-ე წუთზე უპირატესობა ოთხამდე ფრანცისკო მადინგამ გაზარდა. მიკოლა კოვტალიუკის ნაცვლად მოედანზე შესულმა რომან ჭანტურია კი 79-ე წუთზე დილას შემადგენლობაში სადებიუტო გოლიც გაიტანა. საბოლოო წერტილი შეხვედრაში ნუგზარ სპანდერაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დასვა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ლუკა კიკაბიძემ მაშინ შეაგდო, როცა გორელებს 4:0 მიჰყავდათ.
ამ დროისთვის დილამ 23 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. ჩიხურას აქტივში კი 6 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.
ტორპედო 1:0 მერანი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ქუთაისის ტორპედომ, რომელმაც საკუთარ მოედანზე მძიმე ბრძოლაში გათამაშების აუტსაიდერი, თბილისის მერანი მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლაშა კასრაძემ გაიტანა, როცა გიორგი ჯანელიძის გადაცემა სტანდარტულისას კარში გადაგზავნა. მასპინძლები ამ მოგებით საკმაოდ მოშორდნენ პლეი-აუტის ზონას.
13 ტურის შემდეგ ტორპედოს აქტივში 16 ქულაა და ამ მაჩვენებლით გუნდი მე-6 ადგილზეა.მერანი კი 5 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.