ლოკომ მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა, სამტრედიამ კი თარგამაძის სადებიუტო გოლით მოიგო!

News

ლოკომ მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა, სამტრედიამ კი თარგამაძის სადებიუტო გოლით მოიგო!

  • სამტრედია 1:0 დილა
  • სამი ქულის ბედი თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12  ტურის მეორე სათამაშო დღე სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე გაიხსნა. სამტრედიელებმა გორის დილასთან გამართული შეხვედრა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვეს. მატჩის ბედი 54-ე წუთზე დავით თარგამაძის მიერ გატანილმა პენალტმა გადაწყვიტა. 31 წლის ნახევარმცველისთვის ეს გოლი ახალ გუნდში სადებიუტო და ამავდროულად სამი ქულის მომტანი გამოდგა.

ამ გამარჯვებით სამტრედიამ 12 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. გორის დილას 20 ქულა რჩება და მე-4 ადგილზე იმყოფება.

  • მერანი 0:4 ლოკომოტივი
  • ლოკომოტივმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში 4-ჯერ გაიტანა

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის ლოკომოტივმა, რომელიც დღეს სტუმრის სტატუსით თბილისის მერანს დაუპირისპირდა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში პირველივე წუთზე ლოკომოტივის 19 წლის ფორვარდმა გიორგი იაკობიძემ გახსნა. ორამდე უპირატესობა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 31-ე წუთზე ბექა გაბისკირიას ავტოგოლის წყალობით გაზარდა. პირველ ტაიმში სტუმრებმა კიდევ ერთხელ აიღეს რევაზ თევდორაძის კარი. ამჯერად გატანილი გოლით თავი ნიკა სანდოხაძემ გამოიჩინა. 

შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში ალექსანდრე გურეშიძემ ლოკომოტივის უპირატესობა ოთხბურთიანი გახადა და სამი ქულის მოპოვებას წერტილი დაუსვა.

12 ტურის შემდეგ თბილისის მერანს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, თბილისის ლოკომოტივი კი 19 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.