14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილული იქნა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები.
პირველი შემთხვევა, რომელზეც სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს, საბურთალო - თელავის მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი გახლდათ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეო-ჩანაწერის ანალიზის შემდეგ არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კლუბ საბურთალოს ფეხბურთელს გიორგი კოხრეიძეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2 ათას ლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.
ამას გარდა, სხდომაზე ტორპედო - დინამო თბილისის 68-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი განიხილეს. თბილისის დინამოს ფეხბურთელ გიორგი ქიმაძეს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასპორტული საქციელისთვის (შეფურთხება) სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიხედვით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელს თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 400 ლარის ოდენობით დაეკისრა.