- დინამო ბათუმი 1:1 საბურთალო
- ბათუმის დინამოს ზედიზედ მეოთხე ფრე მიმდინარე სეზონში
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩი, ბათუმის დინამომ საბურთალოს წინააღმდეგ გამართა, სადაც გია გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე ფრე დააფიქსირა. მატჩის პირველი ნახევარში მოედანზე აღსანიშნავი არაფერი მომხდარა თუ არ ჩავთვლით ტაიმის მიწურულს სტუმრების მიერ განხორციელებულ სახიფათო დარტყმას.
რადიკალურად განსხვავებული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. 61-ე წუთზე საბურთალომ კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ანგარიში ლევან ნონიკაშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნა. ამის შემდეგ ბათუმელები გააქტიურდნენ და 5 წუთში ჯაბა ჯიღაურმა წონასწორობა აღადგინა.
დინამოს შეხვედრის 73-ე წუთზე დაწინაურების შანსი მიეცა - მატჩის მთავარმა არბიტრმა საბურთალოს კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, ამავდროულად მოედნიდან გააძევა ლევან მაჭარაშვილი და საბურთალო მოედანზე ათკაციანი შემადგენლობით დარჩა.
ბათუმელთა ბრაზილიელი ლიდერის - ჯოვინო ფლამარიონის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. დარჩენილ დროში ორივე გუნდის მხრიდან მრავლად შეიქმნა სახიფათო მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
4 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, საბურთალო კი 5 ქულით მე- 4 პოზიციაზეა.