ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა ახალი სეზონი დაკარგული ქულებით დაიწყეს

News

ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა ახალი სეზონი დაკარგული ქულებით დაიწყეს

თბილისის დინამო 0:0 თელავი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი სათამაშო დღე გატანილი გოლების გარეშე დაიწყო. გათამაშების პირველი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონებმა დებიუტანტი თელავი მიიღეს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა პირველივე ტურში ქულები დაკარგა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა. ყველაზე რეალური მომენტი აღნიშნულ დაპირისპირებაში სტუმრებს პირველ ტაიმში ჰქონდათ, როდესაც იაროსლავ კვასოვის დარტყმული ძელმა მოიგერია. შეხვედრის დარჩენილ დროში მეტნაკლებად სახიფათო მომენტების შექმნა ორივე გუნდმა შეძლო, მაგრამ გოლის გატანამდე საქმე არ მისულა.

ბათუმის დინამო 0:0 მერანი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მეორე მატჩი ანგისას ბაზაზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბათუმის დინამო და გათამაშების დებიუტანტი თბილისის მერანი დაუპირისპირდნენ.

მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, თუმცა სტუმრებმა კარის მშრალად შენახვა  მოახერხეს. ანგარიშის გახსნასთან ძალიან ახლოს ბათუმელები თამაშის მიწურულს იყვნენ, როდესაც ნიკოლოზ საბანაძემ ერთი-ერთზე მოახერხა მეკარესთან გასვლა, მაგრამ მერანის გოლკიპერმა კარგად შეაფასა სიტუაცია და საკუთარი კარი კვლავ მშრალად შეინახა. 

აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა დაპირისპირების  ბოლო წუთები 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა. მთავარ მწვრთნელს სამივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა მაშინ, როცა  გუნდის ბრაზილიელმა შემტევმა ჯოვინო ფლამარიონმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.