ლოკომოტივმა თბილისური დერბი 94-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო!

News

ლოკომოტივმა თბილისური დერბი 94-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის პირველი სათამაშო დღე სენსაციით დასრულდა - დედაქალაქური დერბი დინამო არენაზე, რომელიც დინამოსა და ლოკომოტივს შორის გაიმართა,  ლევან კორღალიძის გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო.

მატჩში ერთადერთი, გამარჯვების გოლი შეხვედრის 94-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა - სტუმართა ნახევარმცველმა, რომელიც ცვლილებაზე შევიდა, ბურთი  დინამოელთა მეკარეს - ხოსე პერალესს თავზე გადაუგდო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

თბილისის დინამომ  ამ მარცხით საგრძნობლად გაიუარესა მდგომარეობა სატურნირო ცხრილში და მოგების შემთხვევაში, ხვალ ბათუმის დინამოს ერთპიროვნულად გალიდერების შანსი მისცა.

მიმდინარე ტურის პირველი შეხვედრა კი წყალტუბოში ქუთაისის ტორპედოსა და საბურთალოს შორის გაიმართა. კლუბში არსებული ვითარების გამო მასპინძლებს შესუსტებული შემადგენლობით მოუწიათ თამაში. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ანგარიში ავტოგოლით მეორე ნახევრის დებიუტშივე გაიხსნა - საკუთარ კარში გოლი გიორგი აბზიანიძემ გაიტანა და საბურთალო დაწინაურდა. ორამდე უპირატესობის გაზრდა ნიკოლოზ სანდოხაძეს 51-ე წუთზე შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული თერთმეტმეტრიანი ქუთაისელთა თინეიჯერმა მეკარემ - დავით ასათიანმა მოიგერია.

დარჩენილ დროში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მაინც მოახერხა გოლის გატანა - გიორგი დიასამიძემ ტორპედოს კარი მე-60 წუთზე აიღო და საბურთალომ სამი ქულა მოიპოვა. 31 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედოს 40 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.