ნინუას დუბლი და ლევან მჭედლიძის დებიუტი - დინამომ თბილისურ დერბიში საბურთალო დაამარცხა!

News

ნინუას დუბლი და ლევან მჭედლიძის დებიუტი - დინამომ თბილისურ დერბიში საბურთალო დაამარცხა!

  • დინამო თბილისი 2:1 საბურთალო
  • ტურის ცენტრალური მატჩი დინამოელების გამარჯვებით დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა, დღეს დინამო არენაზე გაიმართა, სადაც დინამოელებმა მოქმედ ჩემპიონს - საბურთალოს უმასპინძლეს. მატჩის პირველი ნახევარი სტუმართათვის საკმაოდ კარგად მიდიოდა - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა მასპინძელთა მეკარე - ხოსე პერალესი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ტაიმის მიწურულს გიორგი კოხრეიძის დარტყმულის წინაშე ესპანელი მეკარე უძლური იყო და საბურთალომ ანგარიში გახსნა. 

შეხვედრის მეორე ნახევარიც სტუმრებმა დამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ  თამაშის სცენარი 67-ე წუთიდან რადიკალურად შეიცვალა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან საბურთალოს ფეხბურთელი ნიკა სანდოხაძე გააძევა, ხოლო მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა ნიკა ნინუამ გოლად აქცია და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.

გატანილი გოლის შემდეგ დინამოელები გააქტიურდნენ , რასაც  75-ე წუთზე საბურთალოს კარში კიდევ ერთი სტანდარტული, ამჯერად თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომლის შესრულებაც საკუთარ თავზე პირველი გოლის ავტორმა აიღო.

ნიკა ნინუა ამ შემთხვევაშიც უშეცდომო იყო. 2-1, თბილისის დინამო დაწინაურდა. დარჩენილ დროში მოედანზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და არც ანგარიშში შეცვლილა რამე. თბილისის დინამომ მორიგი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა და  სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნდა. მატჩის მიწურულს მოედანზე დინამოელთა ახალწვეული - ლევან მჭედლიზე ლურჯი ფორმით პირველად გამოჩნდა, რომელმაც კვამე კარიკარი შეცვალა.

ამ დროისთვის თბილისის დინამოს აქტივში 61-ე ქულაა და პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს ბათუმის დინამოსაც, შესაბამისად ერთპიროვნული ლიდერობისთვის ბრძოლა  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში ანგისას ბაზაზე შედგება, სადაც ერთმანეთს თბილისის დინამო და ბათუმის დინამო დაუპირისპირდებიან.  საბურთალო კი 54 ქულით ამ დროისთვის მე-3 პოზიციაზე რჩება.

? მატჩი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.