ბათუმის დინამომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ლიდერობა ისევ დაიბრუნა!

News

ბათუმის დინამომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და ლიდერობა ისევ დაიბრუნა!

ტორპედო 1:0 ვიტ ჯორჯია

დღეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის ორი შეხევდრა  გაიმართა. პირველი მატჩი წყალტუბოში ქუთაისის ტორპედოსა და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა. მასპინძლებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს მოკრძალებული გამარჯვებით. გათამაშების აუტსაიდერთან დაპირისპირება ქუთაისელებმა ერთადერთი გატანილი გოლით მოიგეს. მატჩის 72-ე წუთზე ვიტ ჯორჯიას კარი რაფაელ ჩუკვურამ აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. 

26 ტურის შემდეგ ტორპედომ 38 ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ვიტ ჯორჯია კი 17 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე რჩება. 

რუსთავი 0:2 ბათუმის დინამო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8 თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა რუსთავმა, რომელმაც საშინაო მატჩი ბათუმის დინამოსთან ანგარიშით 0-2 დათმო. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატჩი ბოლო მატჩი სწორედ ბათუმის დინამოსთან წააგეს.  ბათუმის დინამომ კი მიყოლებით 4 თამაში მოიგო. 26-ე ტურის დაპირისპირება სტუმართა აშკარა უპირატესობით დაიწყო. მე-19 წუთზე ბათუმელები ჯოვინო ფლამარიონმა დააწინაურა. 23-ე წუთზე კი გია გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა ორამდე ვლადიმერ დვალიშვილმა გაზარდა. შეხვედრის მეორე ნახევარში  დინამომ შეტევებს უკლო და უმეტესად საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე იყო ორიენტირებული, რაც კარგად გამოუვიდა კიდეც. ბათუმელები ზედიზედ მეხუთე თამაშია მეტოქეს გოლის გატანის საშუალებას არ აძლევენ. 

ამ დროისთვის ბათუმის დინამოს 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. 29 ქულა აქვს რუსთავს, რომელიც მე-7 პოზიციაზე რჩება.