ჩიხურა 3:2 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩხერის ჩიხურამ რამდენიმე მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. სოსო ფრუიძის გუნდმა ივანწმინდაში ლოკომოტივს უმასპინძლა და ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
ანგარიშის გახსნის კარგი შანსი სტუმრებს მატჩის 32-ე წუთზე მიეცათ, როდესაც მატჩის მთავარმა არბიტრმა საჩხერელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, თუმცა თეიმურაზ შონიას დინო ჰამზიჩმა აჯობა. მომდევნო შეტევა უკვე ლოკომოტივის კართან დანიშნული თერთმეტმეტრიანის საფუძველი გახდა. გიორგი კორიფაძემ უშეცდომოდ დაარტყა და ჩიხურა დააწინაურა. რამდენიმე წუთში ირაკლი სიხარულიძემ მაინც შეძლო ჰამზიჩის კარის აღება და ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, რასაც 50-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის მიერ გატანილი გოლი მოჰყა და მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ. ფრუიძის გუნდის უპირატესობა ორამდე 75-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ გაზარდა და ჩიხურამ პრაქტიკულად გაინაღდა მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვების საკითხი. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თეიმურაზ შონიამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ინტრიგას თამაშში, გატანილი ბურთი, დროის არ არსებობის გამო ვერ დააბრუნებდა.
25 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ლოკომოტივი კი 36 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
დილა 2:2 ტორპედო
უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა, რომელიც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს შორის გაიმართა. სატურნირო მგომარეობის გათვალისწინებით ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი სამი ქულის მოპოვება იქნებოდ, თუმცა საბოლოოდ მეტოქეებმა ქულები გაიყვეს.
მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს დაპირისპირება და უკვე მატჩის მე-13 წუთზე ლევან ნინიკაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. ტორპედომ მალევე მოახერხა წინასწორობის აღდგენა. 25-ე წუთზე სტუმართა მხრიდან გოლი თემურ ჩოგაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს კი რაფაელ ჩეკვურამ ქუთაისელები წინ გაიყვანა. სეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 57-ე წუთზე ტორპედოს კარი გიორგი კუციამ აიღო. საბოლოოდ მატჩი 2-2 დასრულდა და გუნდებმა აქტივს თითო- თითო ქულა შემატეს.
ამ დროისთვის გორის დილას ანგარიშზე 27 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს. ტორპედო კი 35 ქულით მე-5 ადგილზეა.