რუსთავმა გასავარდნი ზონა დატოვა, ბათუმის დინამომ ჯიღაურის დუბლით მოიგო!

News

რუსთავმა გასავარდნი ზონა დატოვა, ბათუმის დინამომ ჯიღაურის დუბლით მოიგო!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დღეს 24-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. რუსთავმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი ბოლნისის სიონი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა. ვარლამ კილასონიას გუნდი თავიდანვე ფლობდა აშკარა უპირატესობას და ბევრი სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

ბოლნისის სიონი წინ დიმიტრი ტატანაშვილმა გაიყვანა მატჩის 34-ე წუთზე. ორი წუთი დასჭირდათ მასპინძლებს ანგარიშის გასათანაბრებლად. გოლი ბოლნისელთა კარში ბექა ქავთარაძემ გაიტანა. შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი მე-80 წუთზე დადგა, როდესაც სტუმართა კარში მატჩის მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც დათა სიჭინავამ ზუსტად შეასრულა და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა. ამ გამარჯვებით რუსთავმა ბოლო თვეების განმავლობაში პირველად დატოვა გასავარდნი ზონა. 

24 ტურის შემდეგ რუსთავმა 28 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ბოლნისის სიონმა კი 26 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი შეხვედრა ანგისას ბაზაზე ბათუმის დინამოსა და საჩხერის ჩიხურას შორის გაიმართა. პირველი ტაიმი უმეტესად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებს რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნათ, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს. ბათუმელებმა მეტოქე ჯაბა ჯიღაურის დუბლის წყალობით დაამარცხეს და ცხრილში გალიდერდნენ.

24 ტურის შემდეგ ბათუმის დინამო 46 ქულით პირველ პოზიციაზეა, საჩხერის ჩიხურა კი 28 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.