საბურთალო აუტსაიდერთან დამარცხდა

News

საბურთალო აუტსაიდერთან დამარცხდა

რუსთავი 3:1 საბურთალო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 12-ე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. გათამაშების ლიდერმა აუტსაიდერ რუსთავთან 3 ქულა დაკარგა. შეხვედრის პირველი ნახევარი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზება ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმში მომენტები ჰქონდათ მასპინძლებსაც.

დაპირისპირების მეორე ნახევარში თამაშის სცენარი მთლიანად შეიცვალა. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა საბურთალოს კართან იერიშებს უმატეს და შეხვედრის 59-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გაიტანეს.  ანგარიში ლუკა იმნაძემ გახსნა. რუსთაველები გატანილი გოლის შემდეგ უფრო გათამამდნენ და უპირატესობა 74-ე წუთზე ორამდეც გაზარდეს.

ამჯერად შორეული დარტყმით ომარ მიგინეიშვილის კარი გისტაროვმა აიღო. ერთი ბურთის გაქვითვა საბურთალომ რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო. რუსთავის კარი 93-ე წუთზე  დაჩი ცნობილაძემ თავური დარტყმით აიღო.

გატანილი გოლის შემდეგ სტუმრები კიდევ ერთი გოლის გატანას და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდენენ თუმცა მატჩის ბოლო წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღეს. მასპინძელთა მხრიდან მესამე ბურთის ავტორი 95-ე წუთზე ლუკა ზვიადაძე გახდა.

დღეს დაკარგული 3 ქულის შემდეგ საბურთალოს აქტივში 24 ქულა რჩება და ამ მაჩვენებლით ისევ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რუსთავი კი 9 ქულით კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩება.

ლოკომოტივი 1:3 ქუთაისის ტორპედო

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლოკომოტივსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გაიმართა მასპინძლები საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვიან. მათთვის ყოველ ქულას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ტორპედოსთან მატჩი კვლავ უქულოდ დატოვეს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა სასურველი შედეგის მისაღებად ბრძოლა პირველივე წუთებიდანვე დაიწყო. მე-12 წუთზე ანგარიში ნოდარ ქავთარაძის მიერ გატანილი გოლით გაიხსნა, რასაც 2 წუთში ბუდუ ზივზივაძის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოყვა და ქუთაისელები შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდენენ.

მატჩის მეორე ნახევარში მესამე ბურთი სტუმართა ბრაზილიელმა რიჩარდ ლუკამ 62-ე წუთზე შეაგდო და ტორპედომ 3 ქულის მოპოვების საკითხი თითქმის გადაწყვიტა. ლოკომოტივმა აღნიშნულ შეხვედრაში მხოლოდ პრესტიჟის გოლოს გატანა მოახერხა 81-ე წუთზე გოლის ავტორი გახლავთ თეიმურაზ შონია.

12 ტურის შემდეგ ლოკომოტივი 9 ქულით გათამაშების ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფება ხოლო ქუთაისის ტორპედო 23 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.