საბურთალო ისევ გალიდერდა

News

საბურთალო ისევ გალიდერდა

საბურთალო 1:0 ლოკომოტივი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-11 ტურმა ლიდერთა სამეულში კორექტივები შეიტანა. საბურთალო ბოლო ტურში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ  ლიდერის პოზიციას კვლავ დაუბრუნდა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები ლოკომოტივს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.  შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. მასპინძლებმა ლოკომოტივის კარის აღება მას შემდეგ მოახერხეს რაც სტუმრები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლოკომოტივის ფეხბურთელები საკმაოდ აქტიურები იყვნენ. განსაკურებით  თამაშის პირველ ნახევარში. მიუხედავად რამდენიმე კარგი მომენტის არსებობისა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.

11 ტურის შემდეგ საბურთალოს 24 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ლოკომოტივი კი 9 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება.

გორის დილა 2:0 საჩხერის ჩიხურა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა გორის დილამ. ამჯერად გიორგი დეკანოსიძის გუნდმა საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურა დაამარცხა ანგარიშით 2-0. შეხვედრაში პირველი გოლი მატჩის მე-12 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორეჯერ სტუმართა კარი გურამ გოშთელიანმა აიღო.

ამ დროისთვის გორელების აქტივში 14 ქულა დაგროვდა და ამ მაჩვენებლით მე-6 პოზიციას იკავებენ. 15 ქულა აქვს საჩხერის ჩიხურას, რომელიც სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.