- ბათუმის დინამო 4:2 საბურთალო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ ანონსი გაამართლა. ბათუმის დინამოსა და საბურთალოს შორის გამართული დაპირისპირებაში გულშემატკივარმა 6 გატანილი გოლი იხილა. თამაში, რომელსაც სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ საბოლოოდ გია გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ანგარიში საბურთალომ მე-7 წუთზე გეგა დიასამიძის მიერ გატანილი გოლით გახსნა, მე-18-ზე კი დედაქალაქელთა უპირატესობა ორამდე როლოვიჩმა გაზარდა. ბათუმის დინამომ მობილიზება მალევე მოახერხა. შეხვედრის 21- წუთზე სხვაობა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეამცირა, რამდენიმე წუთში როლოვიჩმა ავტოგოლი გაიტანა და ბათუმის დინამომ ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმის 37-ე წუთზე მასპინძლებმა დაწინაურების შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფლამარიონმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააფუჭა. 41-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ მაინც გაუტანა საბურთალოს და შესვენებაზე ბათუმელები მათთვის სასურველი ანგარიშით გავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და არაერთი საგოლე მომენტიც შეიქმნა, შეხვედრაში მხოლოდ ერთადერთი გოლი გავიდა. გატანილი გოლით თავი ისევ მასპინძლებმა გამოიჩინეს, ამჯერად საბურთალოს კარი რამოსმა აიღო.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი - საბურთალოს დაპირისპირებას ანგისაზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ამ ფაქტორს კი დღევანდელ წარმატებულ შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.
მე-10 ტურში საბურთალოსთან მოგებული მატჩის შემდეგ ბათუმის დინამო გათამაშების ცხრილში 22 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, საბურთალომ კი 21 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
- რუსთავი 0:2 ლოკომოტივი
დღესვე გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე შეხვედრაც. აუტსაიდერმა რუსთავმა ასევე გასავარდნ ზონაში მყოფ თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა. სტუმრებმა თამაშში დაწინაურება ლუკა გადრანის მიერ გატანილი ავტოგოლის წყალობით შეძლეს. ორამდე კი უპირატესობა კირკიტაძემ გაზარდა.
10 ტურის შემდეგ რუსთავს ისევ 3 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, ლოკომოტივმა კი 9 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.