მატჩის წინ: დედაქალაქური დერბი დინამო არენაზე

News

მატჩის წინ: დედაქალაქური დერბი დინამო არენაზე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურს  ცენტრალური მატჩი დაასრულებს, რომელიც დინამო არენაზე თბილისის ,,დინამოსა“ და ,,საბურთალოს შორის შედგება. პრინციპულ დაპირისპირებას მასპინძლები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით  ხვდებიან. გასულ ტურში დინამოელებმა დიდი ანგარიშით დაამარცხეს ლოკომოტივი და ზედიზედ ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. ჩემპიონობის ამბიციის მქონე მასპინძლებისთვის დღევანდელი დაპირისპირების შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

,,საბურთალოსთან“ შეხვედრაში ,,დინამოს“ ტრავმის გამო შესაძლოა როხანო ვერ დაეხმაროს.

გიორგი ზარია: ,,ლოკომოტივთან შეხვედრამდე ორი თამაში გვქონდა წაგებული და ბუნებრივია დიდი ანგარიშით გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბურთალოსთან მატჩს ძალიან კარგი ფსიქოლოგიური განწყობით ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიოთ. წარსულს ჩაბარდა და დავიწყებას მიეცა ჩემპიონატში ცუდი სტარტი“

მოქმედმა ჩემპიონებმა  საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან ოთხივე მოიგო და ეს შედეგი გუნდს მყარ საფუძველს აძლევს იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონში სწორება ჩემპიონობაზე ჰქონდეს.

წინასწარი ინფორმაციით სტუმრებს შესაძლოა დინამო არენაზე გასამართ მატჩში გი და ვაგნერი ვერ დაეხმაროს.

ლაშა შინდაგორიძე: ,,პირველ რიგში დღეს კარგ თამაშს ველოდებით. დინამო ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მასთან დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სეზონის სტარტზე  ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ შეგვწევს უნარი  კიდევ ერთი მოგება მივითვალოთ აქტივში. სანაკრებო შესვენებამ გუნდზე კარგად იმოქმედა. დასვენების საშუალება მოგვეცა და ახლა ახალი ძალებით გავაგრძელებთ საფეხბურთო ჩემპიონატს“

ურთიერთშეხვედრები: ამ გუნდებს შორის გამართული 13 დაპირისპირებიდან 7 დინამომ მოიგო, 4 -ჯერ მოიპოვა გამარჯვება საბურთალომ, ხოლო 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.