'ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია' - ხვალ გორი საქართველოს სუპერთასს უმასპინძლებს!

News

'ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია' - ხვალ გორი საქართველოს სუპერთასს უმასპინძლებს!

  • კვირას 16:00 საათზე გორში საქართველოს სუპერთასი გაიმართება
  • მატჩის წინ მწვრთნელებმა ისაუბრეს...

2019 წლის საქართველოს სუპერთასის გათამაშებას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის საბურთალო შეხვდებიან. ქუთაისელებს ქვეყნის სუპერთასი ორჯერ - 1999 და 2017 წლებში აქვთ წაგებული, ხოლო 2018 წელს კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა ჩიხურა დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული. ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი საბურთალო კი სუპერთასის მოგებას პირველად შეეცდება.

"გუნდმა უცხოური შეკრება გაიარა, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. წლის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და ვეცდებით, სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ" - აღნიშნა ქუთაისელთა მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა.

ტორპედომ შეკრება თურქეთში გაიარა და გუნდი ამჟამად წვრთნ ქუთაისში აგრძელებს. ფეხბურთელებმა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დაისვენეს, ხოლო გუშინ საწვრთნელი პროცესი განახლდა.

"საბედნიეროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და ამ მატჩისთვის ყველა სათანადოდ ვემზადებით. ახალ კლუბში ჩემი პირველი ოფიციალური მატჩიც ეს იქნება და ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო ტორპედოს წარმატებისთვის" - ამბობს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა.

კახა ჩხეტიანი: "თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებს ორი დღე დასვენების საშუალება მივეცით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ტრავმირებული არავინ გვყავს. ჩვენთვის ყველა თასი მნიშვნელოვანია. ყველა ის ტიტული, რომელიც დღემდე მოვიგეთ, ჩვენს გულშემატკივარს ეკუთვნოდა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ვეცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ."

გასული სეზონის დასრულების შემდეგ ტორპედო ლეგიონერებმა - არფანგ დაფემ, მარეკ ჰლინკამ, გლეოფილიო ჰასელბანკმა, ლაზარ მარინმა და მილოშ ლანიმ დატოვეს. ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე კი თბილისის დინამოს შეუერთდა. სანაცვლოდ, დინამოს თავდასხმის ლიდერი და ეროვნული ლიგის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ტორპედომ დაიმატა. გუნდში ასევე მოვიდნენ ვახტანგ ნებიერიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა და რიჩარდ ლუკა. ხოლო ახალგაზრდები, ლუკა მიქია და თამაზ შერვაშიძე, საკობრივ გუნდიდან დაწინაურდნენ.

ქვეყნის ჩემპიონმა საბურთალომ ორი შეკრება თურქთის ქალაქ სიდეში გაიარა, სადაც ჯამში 8 ამხანაგური მატჩი გამართა - 2 მოგება, ამდენივე წაგება და 4 ფრე (ვიტორული 2:1, ნაპრედაკი 3:0, პანდევის აკადემია 0:0, რაბოტნიჩკი 1:2, სირიუსი 1:1, სარაევო 3:3, ახმატი 1:2, კაისარი 1:1).

გიორგი ჭიაბრიშვილი:კლუბის ხელმძღვანელებმა ყველაფერი გააკეთეს, ათა საუკეთესო პირობებში მოვმზადებულიყავით. თურქეთში გავიარეთ ორი ნაყოფიერი შეკრება. პარალელურად, ევროპულ კლუბებთან ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები, სადაც კარგად დავინახეთ, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობა. რაც შეეხება სუპერთასის გათამაშებას - ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. პირველად გვიწევს სუპერთასზე თამაში და ვეცდებით, ისტორიაში პირველად თასს დავეუფლოთ.“

საბურთალო სეზონის დაწყებამდე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი - ნტე გი გადაიბირ, ასევე გუნდმა გამოცდილი მცველი ლევან კაკუბავა დაიმატა. საბურთალოში დაბრუნდა გიორგი თევზაძე. ასევე, მოვიდნენ დენის შელიხოვი და სამტრედიას, ქუთაისის ტორპედოს და თბილისის დინამოს ყოფილი მეკარე - ომარ მიგინეიშვილი.

მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილი თანაქალაქელ დინამოს შეუერთდა, გუნდის კაპიტანი ლაზარე კუპატაძე კარიერას ლუქსემბურგის ჟენეშში განაგრძობს, გიორგი რეხვიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის ლევადიაკოსს შეუერთდა, ხოლო დავით ვოლკოვი - აზერბაიჯანულ გაბალას. გუნდიდან ასევე წავიდნენ ვეტერანი დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე და ბექა ქურდაძე.

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

ასისტენტები: დავით ჩიგოგიძე, გიორგი ელიკაშვილი 

დამატებითი ასისტენტები: გიორგი ვადაჭკორია, ჯენერი ხორავა

მეოთხე მსაჯი: ზაზა მენთეშაშვილი

სუპერთასის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგთავაზებთ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.