გუგა კაჭახიძე: ეროვნული ლიგა ევროპაში ახალ იმიჯს იქმნის

News

გუგა კაჭახიძე: ეროვნული ლიგა ევროპაში ახალ იმიჯს იქმნის

ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, შვეიცარია, საბერძნეთი, დანია, შვედეთი, პოლონეთი, უნგრეთი... ბოლო 3 წელია, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელთა ტრანსფერების გეოგრაფია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს ტენდენციაა თუ შემთხვევითობა? ვფიქრობთ, საინტერესო კითხვაა და სწორედ ამის გარკვევას ვეცადეთ საფეხბურთო აგენტთან - გუგა კაჭახიძესთან, ვისაც უშუალოდ უწევს მუშაობა ამ სფეროში. ცხადია, ეროვნული ლიგიდან წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში გადასვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა თუ ადრეულ წლებს გავიხსენებთ, ზემოთ ნახსენები ტენდენცია მაინც დადებით დინამიკას გვაჩვენებს...

უკვე დასრულებული ჩემპიონატით დავიწყოთ. როგორ შეაფასებდით 2018 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებას?

პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს გათამაშების ფორმატი, 10-გუნდიანი ჩემპიონატი ბევრად ეფექტურია და ეს უკვე კარგად ჩანს. ჩემი აზრით, გაიზარდა ხარისხიც და გათამაშება უფრო კონკურენტულია. ბოლო ორი სეზონი საკმაოდ დაძაბული იყო. თუნდაც შარშანწინდელი დინამო-ტორპედოს დრამატული შეხვედრა რომ გავიხსენოთ, ვფიქრობ, კომენტარიც ზედმეტია. წლევანდელი ჩემპიონატიც კარგი გამოვიდა და აქვე მინდა, საბურთალოს ჩემპიონობა მივულოცო. ამ კლუბმა ბევრი შრომა ჩადო და წარმატებებს ვუსურვებ ევროასპარეზზე.

მაინც რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა წინა წლებთან შედარებით?

ყველაზე მთავარი, გაშუქება! ეროვნული ლიგის ყველა მატჩის ტრანსლაცია ხდება, ხელმისაწვდომია სტატისტიკური მონაცემები და სხვა საინტერესო ინფორმაცია... მისასალმებელია, რომ ფორმატის ცვლილებამ კლუბებს ევროტურნირებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მისცა, რასაც, დარწმუნებული ვარ, მალე აუწყობენ ფეხს. მატჩების გაშუქება ეხმარება ყველას - მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, სკაუტებს, გუნდებს... ყველა დაინტერესებული პირისთვის კომფორტულია შეხვედრებზე თვალის დევნება. დიდი პროგრესია ინფორმაციის მოპოვების კუთხითაც, რაც ადრე ძნელი იყო და ეს ლიგის ცნობადობის ზრდას ხელს უშლიდა. ახლა კი გვაქვს ახალი ვებგვერდი, დატვირთულია სოციალური მედიის არხები...

111
გუგა კაჭახიძე და გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგში

ჩვენი ინტერვიუს ერთ-ერთ მთავარ თემასაც მივადექით: ბოლო 2-3 წელია, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელები კარგ ევროპულ ჩემპიონატებში მიდიან, რაც ადრე იშვიათობა იყო და ძირითადი ბირთვი უფრო ან აზიურ ქვეყნებში მიემართებოდა ან რუსეთ-უკრაინის თუ სხვა ქვეყნების დაბალ ლიგებში. რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ ტენდენციას?

სწორედ ესაა ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს განაპირობა იმან, რომ ეროვნული ლიგა უფრო დაძაბული გახდა, მეტია კონკურენცია; დაძაბულობის ფონზე მცირედით, მაგრამ მაინც მოიმატა ხარისხმა, მეტი ორთაბრძოლებია. ცხრილიც ისეთი მჭიდროა ხოლმე, რომ ეს ძალაუნებურად მოქმედებს ფეხბურთელებზე, თამაშებში მეტი ინტენსივობაა, რაც ტემპის გაზრდის საწინდარია. კონკურენციასა და ინტენსივობაში იმას ვგულისხმობ, რომ თუნდაც ლიდერს იოლი გასეირნება არ უწევს აუტსაიდერებთან. ბევრი ქულა იკარგება...

ცხადია, არის პრობლემებიც, რასაც გვერდს ვერ ავუვლით და ალბათ პირველი, რაც გაგვახსენდება, სტადიონებია

გეთანხმებით, ინფრასტრუქტურა ძალიან უშლის ხელს ჩემპიონატს. ამ მხრივ ყველაზე დადებითი რაც მოხდა, ეს არის ეროვნულ ლიგაში ხელოვნურ მოედნებზე თამაშის აკრძალვა. სხვათა შორის, ამას ჩემი უცხოელი პარტნიორებიც აქცევენ ყურადღებას. მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ნორმალურ საფარზე თამაშობდნენ. ჩემი აზრით, ახლა მთავარი აქცენტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე უნდა გადავიტანოთ.

111
გიორგი თევზაძის ტრანსფერი ჟილინაში

თქვენი მოწვევით, უცხოელი სკაუტები ხშირად ესწრებიან ეროვნული ლიგის მატჩებს. საინტერესოა მათი მოსაზრებები, რას ამბობენ და როგორ აფასებენ ჩვენს ჩემპიონატს?

ბოლო ორ სეზონზე რომ ვთქვათ, მგონი, ამდენი სკაუტი საქართველოში არასოდეს ჩამოსულა. რომც არაფერი თქვან, უკვე ასეთი ხშირი ვიზიტებიც ნიშნავს, რომ ეროვნული ლიგა მათთვის საინტერესოა. ადრე ცოტა სხვა ვითარება იყო, გვიწევდა გამუდმებული თხოვნა და მოწვევა, რათა ამა თუ იმ ფეხბურთელის სანახავად როგორმე ჩამოგვეყვანა. ბუნებრივია, ინტერესის ზრდა ეროვნული ნაკრების შედეგებმაც გამოიწვია და ასევე ევროპაში წასულმა ჩვენმა ფეხბურთელებმაც გაამართლეს იმედები. ადრე სულ ვეუბნებოდი, რომ ჩემპიონატის ცენტრალური მატჩია, ხომ არ ჩამოხვალთ, იქნებ დაინტერესდეთ, დაგპატიჟებთ... ახლა კი თავად მეკითხებიან, როდის და სად რა თამაშია, სად შეიძლება საინტერესო ფეხბურთელი ნახონ, ვინმეს განსაკუთრებული პროგრესი ან რეგრესი ხომ არ აქვს... ბოლო პერიოდში რამდენიმე კლუბის შეკრებებით და დაგეგმილი სპარინგ-მატჩებითაც დაინტერესდნენ.

ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელებ - საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ხარაიშვილი კარიერას დანიის, ავსტრიისა და შვედეთის ჩემპიონატებში წარმატებულად აგრძელებენ. ამ ტრანსფერებზე სწორედ თქვენ მუშაობდით. არის თუ არა ამჟამად ინტერესი სხვა ფეხბურთელების მიმართ?

საქართველოში სამივე მართლაც გამორჩეული იყო და მიხარია, რომ სამივემ გააგრძელა განვითარება და დღეს უკვე ევროპაში თავიანთი კლუბების ლიდერებად მიიჩნევიან. ეს იმას მოწმობს, რომ ეროვნული ლიგიდან შეიძლება ფეხბურთელი ევროპაში წავიდეს და იქაურ ჩემპიონატშიც ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ეს კარგია დინამოსა და საბურთალოსთვისაც, საიდანაც ისინი წავიდნენ; და ცხადია, ჩემპიონატის იმიჯზეც დადებითად მოქმედებს. სადღეისოდ ინტერესი არის რამდენიმე ფეხბურთელის მიმართ, თუმცა ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ვნახოთ, რა გამოვა...

და ბოლოს, რას ურჩევდით ქართულ კლუბებს?

აუცილებლად გახსნან აკადემიები ისე, როგორც ეს აქვთ თბილისის დინამოს, ლოკომოტივს, საბურთალოს... ჰყავდეთ ასაკობრივი გუნდები, რაც მათ სელექციის საშუალებას მისცემს, ექნებათ მეტი კონკურენცია, გაზრდიან მეტ ფეხბურთელს... ამასთან საჭიროა ნელ-ნელა წარმატებები ვაჩვენოთ ევროტურნირებზეც, რაც კერძო სექტორიდან თანხების მოსაზიდად უმნიშვნელოვანესია. რა ბიუჯეტიც დღეს ჩვენს კლუბებს აქვთ, პრაქტიკულად შეუძლებელია უცებ დიდ ნახტომზე ფიქრი. სამწუხაროდ, ამ მხრივ დიდი სხვაობაა ჩვენსა და ჩვეულებრივ ევროპულ კლუბებს შორის. დარწმუნებული ვარ, კერძო ბიზნესის დაინტერესების და დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში, ტოპ-ტრანსფერებზე მუშაობაც არ იქნება წარმოუდგენელი.